საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც საუბარია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად გააშუქა 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიება.

„ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ.

პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში, რისი ნახვაც შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე“,- ნათქვამია „პირველი“ არხის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 10 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს საჯარო განცხადებით მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით გაიხსნა, პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია სთხოვა, თუმცა ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში გაკეთდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას.