ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ ისაუბრა, მათ შორის – საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საჭიროებაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე უნდა აღდგეს.
„შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება ძალიან მარტივია. ჩვენ შეგვიძლია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შევზღუდოთ. გახსნა გონივრული მეთოდებით, რომ რეპროდუქციული ინდექსი არ დაგვერღვეს, ანუ, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფექციამ კვლავ არ შემოგვიტიოს, ეს არის სწორედ სახელმწიფოს ხელოვნება, ამიტომ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე უნდა აღდგეს, მით უმეტეს, როცა საგანგებო მდგომარეობა სრულდება და ეს უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისკენ.
ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ადამიანების რაოდენობაზე მეტია ველოსიპედების რაოდენობა. იმ ქვეყნებში მარტივად არის საქმე, დანიასა და ჰოლანდიაში. ჩვენ ეს ფუფუნება არ გვაქვს. ჩემს სამსახურშიც კი ჩემი ასისტენტი, რომელიც მეხმარება, ველოსიპედით დადის, თუმცა გაუფუჭდა და იძულებულნი გავხდით, ბოლო რამდენიმე დღე ტაქსით ესარგებლა. ეს ძალიან რთულია“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისას მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი, კონტროლი, ადამიანთა ჭარბ რაოდენობაზე, ერთდროულად მგზავრობისას, ინტენსიური დეზინფექცია.
„გასაგებია, იყო საჭირო (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება) იმ 2-3 კვირის განმავლობაში. ჩვენ ყველა ამას გაგებით შევხვდით, იმიტომ, რომ ყველანი მოვუწოდებდით, განსაკუთრებით ექიმები – დარჩით შინო. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ არც იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება. ახლა ვფიქრობ, ეს დადგა და ალბათ, ფიქრობენ ჩემზე უფრო ჭკვიანი ადამიანები და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – ამბობს კულუმბეგოვი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის, – „ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“. – განაცხადა ჩიქოვანმა