Covid-19 და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა – როგორ მოიქცნენ სხვა ქვეყნები

ქრისტინე მუჯირი

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. მიუხედავად იმისა, რომ  საგანგებო მდგომარეობის ვადით დაწესებული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად უქმდება, მაინც უცნობია, რა შეზღუდვა შეიძლება მოიხსნას და რა დარჩეს. მათ შორის, უცნობია, თუ როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. 

უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ, რათა საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე მოასწრონ მისი მიღება.

დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

საქართველოში 31 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია. როგორც „პუბლიკამ“ მოიკვლია, საზოგადოებრივი  ტრანსპორტი მუშაობს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში. ტრანსპორტი სრულად ან ნაწილობრივი დატვირთით მუშაობს  ევროპის ქვეყნებშიც. მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის ცენტრი იყო და წითელ ზონად გამოცხადდა.

აზერბაიჯანი

გამოცემა Jem-news წერს,  რომ კარანტინი აზერბაიჯანში 31 მაისს დასრულდა. ბაქოში პირველი შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა.

 uitp.org მიხედვით, ბაქოში დაახლოებით 2000 ავტობუსი მუშაობს და ყოველდღიურად 2 მილიონამდე ადამიანი გადაადგილდება მეტროთი. ბაქომ შეზღუდული რაოდენობით შეინარჩუნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათთვის, ვინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორშია დასაქმებული, რათა მათი მობილობა არ შეზღუდულიყო.  შეზღუდულია რამდენიმე ქალაქში შესვლა და გამოსვლა, მათ შორის, ბაქოშიც.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში 3631 შემთხვევაა დადასტურებული და გარდაცვლილია 43.

სომხეთი

სომხეთში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა 18 მაისიდან განაახლა,  თუმცა მგზავრებისთვის ტრანსპორტში პირბადებიის გამოყენება სავალდებულოა. 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების  5 506 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 70. 

თურქეთი

თურქეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის პერიოდში არ გაჩერებულა. 20 მარტისთვის თურქეთის ზოგიერთ ქალაქში 65 წელს ზემოთ ადამიანებისთვის აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ხოლო 24 მარტიდან, ახალი შეზღუდვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ქალაქებსა და მის გარშემო მუშაობდა, მგზავრები შეზღუდული რაოდენობით გადაჰყავს და 50%-ით არის დატვირთული.

თურქეთში ინფიცირების 152 587 შემთხვევაა დადასტურებული, ოფიციალურად. გარდაცვლილია 4 222 ადამიანი.

რუსეთი

მოსკოვის მერის გადაწყვეტილებით, მოსკოვში 12 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას სავალდებულოა ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენება. 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების  317 554 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია  3 099 ადამიანი. 

უკრაინა

უკრაინაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა 11 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი 22 მაისამდე იყო გამოცხადებული. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, 6 მაისს  განაცხადა, რომ ქალაქების მერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება.  მაისის დასაწყისში უკრაინამ პარკები და რეკრეაციული ზონებიც გახსნა. 

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების  19 706  შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 579 ადამიანი. 

 

ესპანეთი

ესპანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექცია სწრაფად გავრცელდა და მთავრობას გაუჭირდა ეპიდსიტუაციის მართვა. ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს დადასტურდა, კანარის კუნძულებზე. ხელისუფლებამ მასობრივი თავყრილობები მას შემდეგ აკრძალა, რაც მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მოგვიანებით კი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მიუხედავად მკაცრი ზომებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად არ შეჩერებულა.

უკვე მაისიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან

ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 279 524; გარდაცვლილი  – 27 888.

საფრანგეთი

საფრანგეთიც ერთ-ერთია ევროპის ქვეყნებიდან, რომელმაც პანდემიისგან დიდი ზიანი მიიღო. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც მკვეთრად შემცირდა. 

7 მაისს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საფრანგეთში მოქალაქეებს შეუძლიათ გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ უნდა გამოიყენონ ნიღბები.

ქვეყნის მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევები – 181 575, გარდაცვლილი – 28 132.

იტალია

იტალიაში, ისევე, როგორც ესპანეთში კორონავირუსული ინფექცია სწრაფად გავრცელდა და ქვეყანა წითელ ზონად გამოცხადდა. იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ოფიციალურად, 20 თებერვალს დადასტურდა. იტალიის მთავრობამ ვირუსთან საბრძოლველად ჩინეთის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ნაბიჯები გადადგა და მკაცრი შეზღუდვები დააწესა, თუმცა მაისის დასაწყისისთვის რიგი შეზღუდვები მოიხსნა.

როგორც aljazeera  წერს, მაისის დასაწყისში 4.4 მილიონი ადამიანი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, თუმცა თავყრილობები ისევ აკრძალული იყო, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ ნიღბებით იყო ნებადართული. 

იტალიაში 227 364 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 32 330 ადამიანი. 

საბერძნეთი

საბერძნეთი კი უკვე ტურიზმისთვის იხსნება.  ივნისში თანდათან გაიხსნება რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და სასტუმროები. ძალაში რჩება სოციალური დისტანციის შესახებ შეზღუდვა. ნიღბების გამოყენება  სავალდებულოა ზოგიერთ ადგილას. მაგ: საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. ქვეყნის მასშტაბით, ნებადართულია გადაადგილება.

საბერძნეთში 2 850 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 166 ადამიანი. 

გერმანია

მაისის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საზოგადოებას არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ამცნო. მოქალაქეები ვალდებულნი არიან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას გამოიყენონ ნიღბები. 

გერმანიაში  178 531 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  8 270 ადამიანი.

ბელგია

ბელგიაში მაისის დასაწყისიდან შეზღუდვები  ნაწილობრივ მოიხსნა. 11 მაისიდან გაიხსნა მაღაზიები. 18 მაისიდან  სკოლებში აღდგა სწავლის პროცესი, თუმცა საკლასო ოთახში მხოლოდ 10 მოსწავლის დაიშვება. სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი ტურისტული ობიექტი ივნისის დასაწყისიდან გაიხსება.

ბელგიაში 55 983 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  9 150 ადამიანი.

ავსტრია

ავსტრიაში რესტორნები და ბარები გახსნილია. სასტუმროებს მომსახურების განახლება 29 მაისიდან შეეძლებათ. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მოქალაქეები ვალდებულები არიან, ატარონ ნიღბები. 

ავსტრიაში 16 353 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  633 ადამიანი. 

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგში რესტორნებს, მაღაზიებსა და სასტუმროებს გახსნის უფლება 25 მაისისთვის მიეცათ.  მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

ლუქსემბურგში 3 971  შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 109  ადამიანი.

დიდი ბრიტანეთი

 BBC 18 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში  წერს, რომ დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, თუმცა შეზღუდულად.  მთავრობაც მოუწოდებდა მოსახლეობას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  შეძლებისდაგვარად, თავი აერიდებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

დიდ ბრიტანეთში 248 293 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 35 704 ადამიანი. 

ხორვატია

ხორვატიაში გახსნილია  პარკები.  მუშაობს მაღაზიები, მუზეუმები და ღია კაფეები, ასევე – საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ხორვატიაში 2 234  შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  96 ადამიანი.

დანია

დანიაში მაღაზიები, პარკები და სასტუმროების ნაწილი მუშაობს. ასევე მუშაობს  საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომელიც ნახევრად არის დატვირთული. რესტორნები და ბარები გაიხსნა 18 მაისიდან. როგორც Reuters წერს, დანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო სკოლებში სწავლის პროცესის განახლების გადაწყვეტილება. 

დანიაში 11 117 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 554 ადამიანი.

უნგრეთი

უნგრეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბუდაპეშტში პარკები, მაღაზიები გახსნილია. ასევე მუშაობს ღია კაფეები და რესტორნები. 

უნგრეთში 3 641 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 473 ადამიანი.

პოლონეთი

პოლონეთში შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნა 4 მაისიდან. ნებადართულია შიდა მოგზაურობა. ღიაა ეროვნული პარკები და სანაპიროები. 18 მაისიდან გაიხსნა მუზეუმები და გალერეები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულად ოპერირებს. 

პოლონეთში 19 739 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 962 ადამიანი.

რუმინეთი

რუმინეთში მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები გახსნილია 15 მაისიდან. ამის შესახებ გამოცემა guardian წერს. საჯარო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების გამოყენება სავალდებულოა. 

რუმინეთში 17 387 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 151  ადამიანი.

პორტუგალია

პორტუგალიაში, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული დატვირთვით მუშაობს. ბევრ რეგიონში რესტორნებსა და ბარებს უფლება მიეცათ, გახსნილიყვნენ 18 მაისს. ხელისუფლება ივნისში სანაპიროებისა და პლაჟების გახსნას გეგმავს.

პორტუგალიაში 29 660 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1 263 ადამიანი.

მალტა

მალტაშიც მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტრანსპორტში  სავალდებულოა ნიღბების ტარება. გამოცემა guardian წერს, რომ  ბარები და რესტორნები ივნისის დასაწყისიდან გაიხსნება. 

მალტაში 584 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 6  ადამიანი.