რატომ გავრცელდა კორონავირუსი ესპანეთში ასე სწრაფად

ესპანეთში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება. სულ უფრო იმატებს სიკვდილიანობაც. დღეს ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო და ახლა მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. ინფიცირებულთა რაოდენობით კი მეოთხეა მსოფლიოში – ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ. 47 000-ზე მეტი შემთხვევა და 3434 გარდაცვლილი, 25 მარტის მონაცემებით – ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს.

როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი ესპანეთში და რატომ უჭირს ქვეყანას მასთან ბრძოლა? „პუბლიკა“ გთავაზობთ ამერიკული მედიაგამოცემის Vox-ის სტატიას ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

რა მდგომარეობაა ესპანეთში

ესპანეთზე თხრობას ელენ ჰიჩით ვიწყებთ. ის 25 წლის ამერიკელია, რომელიც სამი წელია, ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს – ასწავლის ინგლისურს „მადრიგალ კოლეჯში“. ახლა, ჩვეულებრივ, ის და მისი შეყვარებული მადრიდის პარკებში ისეირნებდნენ და დილით ისევ ინანებდა ბარებში გაფლანგულ ფულს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.

ჰიჩი ახალ ამბებს ხშირად ეცნობა ხოლმე. თვალს ადევნებდა იტალიაში ვირუსის ეპიდაფეთქებას, თუმცა იხსენებს, როგორ ფიქრობდა – „ეს აქ არ მოხდება“. არადა, მოხდა.

ესპანეთში ვირუსი ახლა გამორჩეულად სწრაფად და მძიმედ ვრცელდება. ის ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ინფიცირებული და გარდაცვლილია. კორონავირუსის პანდემიას ეპსანეთმა საყოველთაო კარანტინით უპასუხა, მაგრამ, როგორც ჩანს, დააგვიანა.

ჰიჩის ცხოვრებაც, სხვების მსგავსად, მას შემდეგ თითქოს გაიყინა. ახლა დროის გასაყვანად მედიტირებს, მისდევს იოგას, საუბრობს ამერიკელ ოთახის მეზობლებთან, სავარჯიშოდ სადარბაზოს კიბეს იყენებს. ჰყვება, რომ შეყვარებულის მონატრების გარდა, საწუწუნო არაფერი აქვს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაზე უცნაური პერიოდია. ასეთი უცნაური პერიოდია ესპანეთის დანარჩენი 50-მილიონიანი მოსახლეობისთვისაც, რომელთაგანაც ყოველი მეხუთე 65 წელს გადაცილებულია და კორონავირუსის რისკჯგუფში ხვდება.

ესპანელებს ახლა არა მხოლოდ თვითიზოლაცია, არამედ პოლიციისა და მათი დრონების გარემოცვაში უწევთ ყოფნა, რომლებიც კარანტინს აკონტოლებენ. ქუჩებში გამეფებული სიჩუმე ჩვეული ამბავი არ არის. თანაც, ხედავენ, რომ ესპანეთის აღიარებულ ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან გამკლავება უჭირს.

„რაც ყველაზე მეტად მაცოფებს ისაა, რომ ჩვენ თვე-ნახევარი გვქონდა პირველი შემთხვევის შემდეგ მოსამზადებლად და გვქონდა კვირები იტალიის ეპიდაფეთქებიდან, რომ მზად ვყოფილიყავით“, – ამბობს მადრიდის ჯანდაცვის პროფკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ანხელა ჰერნანდეს პუენტე.

როგორც Vox წერს, ვირუსთან გამკლავებას ესპანეთის ხანგრძლივი პოლიტიკური, ეკონომიკური და ისტორიული პრობლემები ართულებს.

პოლიტიკა ცალკე განხილვის თემაა. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში და მასობრივი თავყრილობების აკრძალვით არ სურდა საკმაოდ სუსტი ძალაუფლების რისკის ქვეშ დაყენება, – ამბობენ ექსპერტები Vox-თან. – ამას არ შეუზღუდავს საფეხბურთო მატჩები და მსვლელობები, მათ შორის, 120 000-იანი ფემინისტური მსვლელობა მადრიდში 8 მარტს.

იმ დემონსტრაციაზე ჰიჩიც იყო. „ახლა უკვე ვნანობ“, – ჰყვება ახალგაზრდა Vox-თან და ამბობს, რომ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით, სავარაუდოდ, ვირუსის სწრაფად გავრცელებას შეუწყეს ხელი. „ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა, ვირუსის ერთ-ერთი გამავრცელებელი მეც ვყოფილიყავი, შფოთვა მეწყება“, – წუხს ელენ ჰიჩი. თუმცა, ჯერჯერობით, მას ვირუსი არ დაუდგინდა.

ესპანეთი კი ვირუსთან ბრძოლაში ჯერ წარმატებას ვერ აღწევს. 14 მარტს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის ცოლსაც დაუდგინდა. ამ ამბის შემდეგ უსაფრთხოებისთვის სანჩესმა დისტანციურად დაიწყო მინისტრთა კაბინეტის მართვა და პრესკონფერენციებსაც ვიდეომიმართვებით აწყობს.

ფოტოზე: ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ავტორი: Mariscal/AFP

1933 წლის შემდეგ პირველად ესპანეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიალი – „სემანა სანტაც“ გადაიდო. თუმცა, ის, რაც ხდება ესპანეთში, ანომალია არ არის. ეს სიტუაცია უკვე კარგად ნაცნობია იტალიისთვის და მსგავს განვითარებას შიშობენ აშშ-შიც, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიდანვე მკაცრი ზომები არ გაატარეს ვირუსთან საბრძოლველად.

რატომ დაიწყო ვირუსის აფეთქება ასე მძიმედ?

ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს დადასტურდა კანარის კუნძულებზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში, მაროკოს დასავლეთით მდებარეობს. იმავე დღეს, უჰანიდან მადრიდში ესპანელთა ევაკუაცია მოხდა. მომდევნო შემთხვევა ესპანეთში ცხრა დღის შემდეგ, ამჯერად კუნძულ მალიორკაზე დაფიქსირდა. ხოლო კონტინენტურ ნაწილში კორონავირუსით ინფიცირება მხოლოდ 26 თებერვალს გამოვლინდა, მადრიდსა და ბარსელონაში.

ამის შემდეგ ესპანეთის საავადმყოფოებმა ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ვირუსზე ტესტირების მომატება იყო საჭირო, თან რაც შეიძლებოდა სწრაფად. თუმცა ეს არ მომხდარა.

„ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად იმისთვის, რაც მოდიოდა. გასულ კვირამდე ჩვენ არ შეგვეძლო კორონავირუსის ტესტის ჩატარება დამოუკიდებლად, ავტორიზაციის გარეშე. შეგვეძლო, მაგალითად, გრიპზე დიაგნოსტიკა, მაგრამ არა კორონავირუსზე“, – უთხრა სამხრეთ ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა გაზეთ El Pais-ს.

ახლაც, დიდი საავადმყოფოები, მათ შორის მადრიდში, დღეში 400 ტესტზე მეტს ვერ ატარებენ. „ჩვენ ყველას შემოწმება გვინდა, მაგრამ დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და მასალები არ გვაქვს იმდენი, რომ ეს შევძლოთ“, – ჰყვება El Pais-თან რაფელ კანტონი, ერთ-ერთი საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კიდევ ერთი ექიმი სევილიიდან სინტია მორო კი მიიჩნევს, რომ ესპანეთი თავიდანვე წინასწარი დაგეგმვის ნაკლებობამ დახია უკან. „ტესტირებით, ჩვენ ბევრად ნაკლები პრობლემა გვექნებოდა“, – ამბობს მორო Vox-თან.

ფოტო: Emilio Morenatti/AP

თუმცა, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ჩავარდნა მხოლოდ აგრესიული ტესტირების ნაკლებობას არ გამოუწვევია. ეს იყო პოლიტიკური და კულტურული პრობლემაც.

რესპონდენტები, როგორც წესი, ორ ძირითად პრობლემას გამოყოფდნენ: პირველი, ის რომ ქვეყანაში ძალიან აქტიური იყო ღამის ცხოვრება – საღამოობით ყველა გარეთ იყო, ერთობოდნენ, ვახშმობდნენ გვიანობამდე. ხოლო მეორე, ესპანეთში დიქტატურის ისტორიული მეხსიერებისა და მისადმი სიძულვლის გამო, თითქოს სამართალდამცველების და საჯარო პირების მიმართ უნდობლობა და დაუმორჩილებლობის სურვილი ჩნდება.

შედეგად, არც თუ ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვინც თვითიზოლაციის მოწოდებებს დაემორჩილა მიუხედავად ვირუსული აფეთქების პირველი ნიშნებისა.

„ესპანურ ხასიათს არ სჯერა, რომ კრიზისი მოდის. აი, როცა დაინახავ, რომ ხალხი კვდება, მაშინ უკვე გრძნობ, მაგრამ გვიანია“, – ჰყვება მორო Vox-თან.

ამას დაემატა ხელისუფლების უმოქმედობაც. როგორც უკვე წერია, პრემიერ-მინისტრმა მასობრივი შეკრებები დროულად არ შეაჩერა, ვირუსის გავრცელების პარალელურად ისევ ტარდებოდა საფეხბურთო მატჩები, ქუჩის მსვლელობები. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპით ზრდას ესპანეთში ბევრი ამასაც აბრალებს. თუმცა, მარტიჩი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი კარლოს მესამის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ იმის დადგენა, ამ შეკრებებმა რამდენად გამოიწვია სწრაფი ზრდა, ჯერჯერობით ნაადრევია.

ფოტო: Javier Soriano/AFP

თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ თავყრილობები მხოლოდ მას შემდეგ აკრძალა როცა ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. თანაც, მაშინაც კი, როცა ხელისუფლებამ შეაჩერა სპორტული ღონისძიებები და დახურა სკოლები, ბევრმა კრიზისი ბოლომდე მაინც არ აღიქვა. ხალხი ისევ განაგრძობდა შეკრებას, ბარებში სიარულს და ისე ყოფნას, თითქოს მათ გარშემო არაფერი ხდებოდა.

„ცენტრალურ ხელისუფლებას მკაცრი ზომები უნდა მიეღო“, – წერს Vox. ესპანეთმა საბოლოოდ, გვიან, მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეს ზომები უკვე მიღებული ჰქონდა, საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

ახლა ყველას მოეთხოვება, რომ იყოს სახლში თუკი სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში არ მიდის, არ სჭირდება სამედიცინო დახმარება, არ უვლის მოხუცებს ან ავადმყოფებს, ან არ ასეირნებს ცხოველს. ამ წესების უზრუნველსაყოფად ქუჩაში გამუდმებით პატრულირებს პოლიცია და დრონები. ხელისუფლებამ 30 000-მდე ჯებირიც დააყენა, რომ საქალაქთაშორისო მიმოსვლა უკონტროლოდ არ მოხდეს.

ახლა, მილიონობით ადამიანი იძულების წესით გამოკეტეს თავიანთ სახლებში, ისინიც ელოდებიან როდის შემცირდება ვირუსის გავრცელება და შემსუბუქდება აკრძალვები.

ფოტო: Burak Akbulut/Anadolu Agency

„ესპანეთის საავადმყოფოებში დაისადგურა ბრაზისა და მიტოვებულობის განცდამ“

სინტია მორო, რომელიც Vox-ის რესპონდენტია, 35 წლის ექიმია. მის პარტნიორს სებასტიანს, რომელიც ასევე ექიმია, ინფიცირებულებთან ჰქონდა შეხება და ახლა თვითიზოლაციაშია. სებასტიანს როგორც იქნა ამის საშუალება მისცეს, რადგან აქამდე ექიმებს სახლში დარჩენის უფლებასაც არ აძლევდნენ. მათ უწევდათ საავადმყოფოებში ყოფნა იმის მიუხედავად, რომ შეიძლებოდა თავად ყოფილიყვნენ ვირუსის მატარებლები.

ამის გამო, მოროს მარტოს უწევს მუშობა და პარალელურად 11 წლის ქალიშვილის მოვლა. ძალიან არ უჭირს, მაგრამ უფრო პატარა შვილი რომ ჰყოლოდა, ამის გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა. მოროს ის უფრო აწუხებს, რომ ხალხს ახლა მხოლოდ ის შეუძლია, იჯდეს და ელოდოს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

ხოლო თუ ვინმე არ ზის, ეს სამედიცინო მუშაკები არიან. ისინი დღე და ღამე ცდილობენ ცუნამის ტალღასავით შემოსული პაციენტების მკურნალობას, თანაც ამ პანდემიას ჯერ ბოლო არ უჩანს.

ესპანეთში ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ რეგონები ერთიანი სისტემის მიუხედავად ადმინისტრირებას დამოუკიდებლად ეწევიან. ეს, ჰერნანდეს პუენტეს თქმით, კოორდინაციაში ხარვეზებს ქმნის, ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ესპანეთის ხელისუფლებამ კერძო საავადმყოფოების ნაციონალიზაციაც გადაწყვიტა.

ექიმებს, რომლებსაც აქტიური შეხება უწევთ პაციენტებთან, აკლიათ ნიღბები, ხელთათმანები და სხვა დამცავი საშუალებები. ხოლო რიგ შემთხვევაში მძიმე პაციენტებისთვის არც საწოლები აქვთ და არც სასუნთქი აპარატები.

„ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ ახერხებს კლინიკების მომარაგებას. ესპანეთის საავადმყოფოებში კი ექიმებსა და ექთნებს შორის ბრაზისა და მიტოვებულობის განცდამ დაისადგურა“, – ჰყვება პუენტე Vox-თან.

კორონავირუსთან გასამკლავებლად კლინიკების ნაწილში ჯანმრთელობის სხვა სერვისები შეაჩერეს, მათ შორის კიბოსთან დაკავშირებული ოპერაციებიც, რაც ექიმებისთვის რთული გადაწყვეტილება იყო.

ვირუსთან საბრძოლველად უნივერსიტეტებიდან უფროსკურსელებიც გამოიძახეს, ხოლო ფარმაცევტულ კომპანიებს პირდაპირ ხელისუფლებასთან უწევთ თანამშრომლობა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

თუმცა, კრიზისი ესპანელებს აერთიანებს კიდეც. ყოველ საღამოს, ისინი გამოდიან აივნებზე და გასამხნევებლად ტაშს უკრავენ სამედიცინო პერსონალს. თავიდან ეს საღამოს ათ საათზე ხდებოდა, შემდეგ 8:00 საათზე გადმოსწიეს, რათა ბავშვებსაც შესძლებოდათ მასში მონაწილეობა. ახლა მოროს ქალიშვილიც ტაშით ხვდება სამსახურიდან დაბრუნებულ დედას.