საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მიმდინარეობს მსჯელობა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების თარიღს უკავშირდებოდა, უპასუხა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოებას გულისხმობს, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია. მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, მოგეხსენებათ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც ინფექციის ზრდის მომატებული რისკია. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწვეტილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრასპორტის აღდგენა მოხდება ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით. მომავალში თუ რისკები გაიზრდება, შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, ამუშავდება და საჭირო არის ამუშავება. ეს არის ადამიანების გადაადგილების ყველაზე ხელმისაწვდომი გზა ქალაქების შიგნით.  მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლების აღდგენის პროცესი, თუმცა ამ აღდგენის პროცესი მოხდება აუცილებლად იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად და რაც შეიძლება ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული.

ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან დაკავშირებით არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან და რისკების მატების შედეგად თუ დაავადებათა რაოდენობამ იმატა, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე საჭირო გახდეს შეზღუდვების დაწესება.

ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალურად დატვირთვა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მგზავრების მიერ ტრანსპორტში პირბადეების გამოყენებას“, – განაცხადა ზახაშვილმა.