საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღსადგენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს – გახარია

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღსადგენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ადმინისტრაციის ცნობით, დღეს საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

„ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლეობისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი, სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ  – 300 პირი.