სცადეს ჩემით ძალით გაყვანა, გავუწიე წინააღმდეგობა, ამის შემდეგ გავითიშე - სააკაშვილი

პუბლიკა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 27 დეკემბერს დაახლოებით 6-ის ნახევარზე შავ ფორმაში ჩაცმულები შევიდნენ მასთან და შეატყობინეს, რომ გადაყავდათ, მაგრამ არ უთხრეს, სად. სააკაშვილი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც გაითიშა.

„მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა”, – წერს სააკაშვილი.

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის მოლოდინშია. „მთავარი არხის” ცნობით, ის წესით დაწესებულებაში 10:00 საათზე უნდა შეეშვათ, თუმცა ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი, როდის შეძლებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.