სებ-ის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - კობახიძე ფარცხალაძეზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის აქტივების და გადარიცხვების შეზღუდვაზე ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას.

„როცა საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს, არ ვიცი, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირადპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზეა საუბარი. იცით, საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებითაა დაცული კონსტიტუციით“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. ჟურნალისტმა კობახიძეს უთხრა, რომ პრეზიდენტმა ყოფილ პროკურორს „ეფესბეს“ აგენტი უწოდა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი არ შეიძლება, ეს კი უპირველესად პრეზიდენტს მოეთხოვება.


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე წვდომა და ფინანსური გადარიცხვები შეუჩერეს.

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.