საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმეს აშშ-ში წასვლას შეუზღუდავენ, ეს რომელიმე მხარისთვის „მაინცდამაინც ტრაგედია“ არ იქნება.
„რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერცერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის“, – განაცხადა სეფაშვილმა.
პარლამენტში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში სეფაშვილი ასევე აკრიტიკებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელშიც კომისიამ „ოცნების“ ინიციატივას რუსული სტილის კანონპროექტი უწოდა.
„ჰელსინკის ეს გამონათქვამი სულ მცირე არის გაუთვითცნობიერებლობა და სირცხვილია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და დიდი რეპუტაციის მქონე ქვეყანა ელემენტარულად არ კითხულობს, Google-ს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს და ქართული ტექსტის თარგმანი ძალიან თავისუფლად შეუძლია“, – განაცხადა სეფაშვილმა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას „რუსული სტილის „აგენტების“ კანონპროექტზე“.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლო სანქციებზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, აშშ-ის ნაბიჯებს თვალ-ყური უნდა ვადევნოთ.