სეკულარულ სახელმწიფოში ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე - გოცირიძე

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი სეკულარულ სახელმწიფოში ღმერთის წინაშე დაადებინეს.

„სეკულარულ სახელმწიფოში ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე, არადა პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგიც აგნოსტიკოსი. ერთ-ორს ისეთსაც ვიცნობ, პირდაპირ სატანას რომ ეთაყვანება :))

რატომ აიძულებენ ადამიანებს კანონის ძალით (რეგლამენტი ითვალისწინებს ამას) უღალატონ თავიანთ შინაგან რწმენას და პრინციპებს? ერთ მაზდეანელ (ცეცხლთაყვანისმცემელ) დეპუტატსაც ვიცნობ. პატიოსანი სინდისით მოაწერა ხელი. კიდევ კარგი, ღმერთის სახეობა არაა ამ ფიცში დაკონკრეტებული, თორემ მერე გენახათ სკანდალი“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში [სტილი დაცულია].

გოცირიძე ამ აღწერას ფიცის ფოტოს ურთავს. საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცში წერია, რომ დეპუტატი „ღვთისა და ერის წინაშე“ აცხადებს, რომ კეთილსინდისიერად აღასრულებს უფლება-მოვალეობას.