საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობს.
უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება ფასი.
საბოლოო გადაწყვეტილება სხდომაზე იქნება მიღებული, თუმცა GWP თბილისის და რუსთავის ქსელში 363 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს, ხარჯები კი ტარიფებზე აისახება. ცვლილება სწორედ GWP-მ მოითხოვა.
„განაცხადი არ გულისხმობს კონკრეტული ტარიფის მოთხოვნას, განაცხადი გულისხმობს ფაქტობრივი დანახარჯების წარმოდგენას, რომლებსაც უტარდება აუდიტი და ასევე, ინვესტიციებს, რომლებიც შეთანხმებულია მარეგულირებელ კომისიასთან. მომდევნო 3 წელში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება და ეს ყველაფერი ტარიფზე ახდენს გავლენას. საბოლოო გადაწყვეტილება სხდომის შემდეგ გვეცოდინება.
ინვესტიციები შეითანხმა მარეგულირებელმა კომისიამ. 363 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება თბილისის და რუსთავის ქსელში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესდება”, – განაცხადა სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ.
GWP-ის განცხადებით, ქსელზე ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია, რათა შემცირდეს წყლის შეწყვეტის შემთხვევები.