სემეკმა კომუნალურების შეღავათზე უარის თქმისთვის პლატფორმა შექმნა

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც არ სურს კომუნალურებზე სახელმწიფოს შეღავათით სარგებლობა, სპეციალური პლატფორმა შექმნა.

სემეკის ვებგვერდზე, განთავსებულია ფორმა – კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, რომლის შევსების შემდეგაც კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს დაწესებული შეღავათები აბონენტებს გაუუქმდებათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმა მოქალაქეებს 11 აპრილამდე შეუძლიათ.


კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1 აპრილს განაცხადა.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში მთავრობა სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც“, – თქვა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

იმავე დღეს „იმედის“ ეთერში გახარიამ განმარტა, რომ მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელსაც არ სჭირდება ეს დახმარება, უარის თქმა შეეძლებოდათ.