სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. „ნაციონალური მოძრაობის“ 13-მა და პარტია „საქართველოსთვის“ 4-მა დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა ირაკლი კაჭარავას, რომელიც საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატია.
ამის შემდეგ სენაკის საკრებულოს სხდომა განუსაზღვრელი დროით გადაიდო.
სხდომას არ დასწრებია „ქართული ოცნება“, რომელსაც მიაჩნია, რომ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმური და არაკანონიერია. მათ ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მცირე ხმაური იყო. თანამდებობა დატოვა აპარატის უფროსმა, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
სენაკის საკრებულოში ჩატარებული 9 თებერვლის სხდომა სადაო გახდა. „ქართული ოცნება“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, აცხადებს, რომ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, შესაბამისად სხდომა უფლებამოსილი არ იყო.
„ქართული ოცნების“ საპასუხოდ, ენმ-ის და გახარიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ 9 თებერვლის სხდომა სენაკის საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელება იყო და მას გასახსნელად კვორუმი არ სჭირდებოდა.
9 თებერვლის სხდომაზე ცნეს საკრებულოს ერთი წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, 33-კაციან საკრებულოში ოპოზიციას უკვე 17 დეპუტატი ჰყავს.
9 თებერვლის საკრებულოს სხდომა გარდა, „ქართული ოცნებისა“, გააპროტესტეს საკრებულოს აპარატის წევრებმა, რომლებმაც სხდომა დატოვეს.