სენაკში „ოცნებამ“ სასამართლოს მიმართა და 9 თებერვლის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა

პუბლიკა

სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სასამართლოს მიმართეს და 9 თებერვალს საკრებულოს სხდომის მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვეს.

„ჩვენ სარჩელით მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული ყველა ე.წ. გადაწყვეტილება. ამასთანავე მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პარტიები აპირებენ პოლიტიკური ქორწინების გაფორმებას, მათ გადაწყვიტეს განაგრძონ აღნიშნული სხდომა.

კანონის უხეში დარღვევისთვის ჩვენ დღეს დილითვე მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი ღონისძიების სახით საკრებულოს მიერ ყველა გადაწყვეტილების შეჩერება, მათ შორის დღის წესრიგის ცვლილება, დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევა, ახალი წევრების არჩევა და ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა არის უკანონო“, – განაცხადა საბა ოდიშარიამ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი ვეფხვია რუსია.

მისი თქმით, თანამდებობას მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის ზეწოლა განხორციელდა.

მისი გადაწყვეტილება უკავშირდება 9 თებერვლის სხდომას, რომელიც აპარატის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან აცხადებდნენ, რომ სხდომა წესების დარღვევით ჩატარდა.

სენაკის საკრებულოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას აპირებენ.


სენაკის საკრებულოში ჩატარებული 9 თებერვლის სხდომა სადაო გახდა. „ქართული ოცნება“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, აცხადებს, რომ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, შესაბამისად სხდომა უფლებამოსილი არ იყო.

„ქართული ოცნების“ საპასუხოდ, ენმ-ის და გახარიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ 9 თებერვლის სხდომა სენაკის საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელება იყო და მას გასახსნელად კვორუმი არ სჭირდებოდა.

9 თებერვლის სხდომაზე ცნეს საკრებულოს ერთი წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, 33-კაციან საკრებულოში ოპოზიციას უკვე 17 დეპუტატი ჰყავს.

9 თებერვლის საკრებულოს სხდომა გარდა, „ქართული ოცნებისა“, გააპროტესტეს საკრებულოს აპარატის წევრებმა, რომლებმაც სხდომა დატოვეს.