სენატორები 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას ითხოვენ

პუბლიკა

ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილობით მიმართეს და ადმინისტრაციას 2024 წლის არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა სთხოვეს.

„ამერიკის ხმამ“ წერილის ასლი გაავრცელა. წერილის მიხედვით, სენატორები მისიის შექმნის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭირონ ქვეყანას და ქართველ ხალხს.

სენატორები წერენ, რომ 2012 წლის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ვიზიტის შემდეგ „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გახდნენ და ხედავენ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“.

„საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, – აცხადებენ სენატორები.

მათი აზრით, დემოკრატიის უკუსვლის მაჩვენებელია ისიც, რომ საქართველომ EU-ის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან.

წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის ე.წ. 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის” ქონას სთხოვენ.

მასალას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.