სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდეს, მოითხოვონ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აზერბაიჯანში

პუბლიკა

ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, აზერბაიჯანში „300-ზე მეტი პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება მოითხოვოს. 

სამმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შემუშავების წინაპირობად 300-ზე მეტი ჟურნალისტის, ოპოზიციის ლიდერისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვოს.

სენატორებმა პიტერ უელჩმა, ტიმ კეინმა და თომ ტილისმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა აღნიშნეს, რომ პატიმრების გათავისუფლება ბაქოსთან ვაშინგტონის ურთიერთობის ნაწილი უნდა იყოს. მათ აზერბაიჯანთან შესაძლო მიდგომის მოდელად ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მიმართული აშშ-ის ადმინისტრაციის ძალისხმევა მოიყვანეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსადმი მიწერილ წერილში სამმა სენატორმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობისას უკანონო დაკავებებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევის ტენდენციაზე.

მათ მაგალითად მოიყვანეს ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ბელარუსში პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად და ვაშინგტონს მოუწოდეს, მსგავსი მიდგომა გამოიყენოს აზერბაიჯანთან მიმართებითაც.

სენატორების განცხადებით, ამჟამად აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება. მათ შეშფოთება გამოთქვეს დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გაგრძელებული რეპრესიების გამო. წერილში დასახელებულია რამდენიმე პირის სახელი, რომელთა გათავისუფლებასაც, სენატორების თქმით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მათ შორის: ოპოზიციის ლიდერი ალი კარიმლი, მედიაექსპერტი ალესგერ მამადლი, უფლებადამცველები ანარ მამადლი და რუფატ საფაროვი, ეკონომისტი და პროფესორი გუბად იბადოღლუ, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადე, ოპოზიციონერი თოფგ იაგუბლუ და ჟურნალისტი ულვია გულიევა.

ალიევის მთავრობამ ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მასშტაბური ზეწოლა განახორციელა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

25 სექტემბერს Amnesty International-მა დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების დამოკიდებულება ბაჰრუზ სამადოვის მიმართ. სამადოვი OC Media-ს ავტორი და პოლიტიკური მკვლევარი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15-წლიან სასჯელს იხდის.

25 სექტემბერსვე უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესზე სამადოვმა მკლავი მჭრელი საგნით დაიზიანა.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას და უზრუნველყოს ბაჰრუზ სამადოვის ჯანმრთელობის უფლება, სანამ იგი უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში. სანამ მას უარს ეუბნებიან სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე, მისი მდგომარეობა უარესდება“, – განაცხადა Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის მკვლევარმა ნატალია ნოზაძემ.

„სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა და ოჯახთან კონტაქტის შეზღუდვა შესაძლოა გათანაბრდეს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასთან, რაც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ სამადოვი „საერთოდ არ უნდა დაეპატიმრებინათ“ და რომ საქმიანობა, რომელსაც მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები დაეფუძნა, გამომდინარეობდა მისი „მშვიდობის აქტივიზმიდან, ჟურნალისტიკიდან და სომხეთთან დიალოგის მხარდაჭერიდან“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.