ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანის „მუსლიმთა ერთობის მოძრაობის“ თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი თალეჰ ბაღირზადე მზად არის, ციხეში უვადოდ დარჩეს, სანაცვლოდ კი დაკავებული ქალი ჟურნალისტებისა და რელიგიური საქმიანობის გამო დაპატიმრებული ქალების გათავისუფლებას მოითხოვს. ამ წინადადებით ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში გამოვიდა. ბაღირზადეს თქმით, თუ ალიევი მის შეთავაზებას დათანხმდება, ის პრეზიდენტს პირადად გაუგზავნის მადლობის წერილსაც.
„მუსლიმური ერთობა“ არის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა აზერბაიჯანში, რომელიც ბაღირზადემ 2015 წელს დააფუძნა. ორგანიზაცია რელიგიური თავისუფლების, სოციალური სამართლიანობისა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა უფრო აქტიური მონაწილეობის საკითხებს უჭერს მხარს.
ალიევისადმი გაგზავნილ წერილში ბაღირზადე აცხადებს, რომ არ ეთანხმება აზერბაიჯანის მმართველობის სტილს, რასაც ის ალიევის „არაჯანსაღი მმართველობა“ უწოდებს და რაც უკვე მრავალი წელია, გრძელდება.
„ბატონო ალიევ! თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ წლების განმავლობაში სამართლიანად და მკაცრად ვაკრიტიკებდით თქვენს ხელისუფლებას, რომელიც რეპრესიებით მართავს ქვეყანას, და რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით თქვენს არაჯანსაღ მმართველობას. რა თქმა უნდა, სრულად მზად ვართ, ამისთვის მძიმე ფასი გადავიხადოთ და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვაქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში განვითარებული ზოგიერთი უსიამოვნო მოვლენის გათვალისწინებით, ვიფიქრეთ, რომ მრავალი წლის შემდეგ შესაძლოა, ერთ საკითხზე თქვენთან შეთანხმების მიღწევა შევძლოთ“, – წერს ბაღირზადე.
შეთავაზების ფარგლებში ბაღირზადე ალიევს სთხოვს, მისი პატიმრობის ვადა გაზარდოს, სანაცვლოდ კი გაათავისუფლოს ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები და რელიგიური საქმიანობის გამო დაკავებული ქალები.
„თქვენ შეგიძლიათ, ჩემი 20-წლიანი პატიმრობა უვადო პატიმრობით შეცვალოთ. თქვენი ბრძანებით უმკაცრესი სასჯელი დაეკისრებათ ჩემს ორ არასრულწლოვან შვილს; თუ გნებავთ, ჩემს დანარჩენ ორ არასრულწლოვან შვილსაც დავამატებთ და არცერთ ამ საკითხზე არანაირი პრეტენზია არ გვექნება. სანაცვლოდ, ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, გაათავისუფლოთ ის მამაცი ჟურნალისტები და სხვა ქალები, რომლებიც შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრეთ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებებისა და საქმიანობის გამო“, – წერს იგი.
ბაღირზადეს თქმით, თუ პრეზიდენტი ქალი პატიმრების გათავისუფლებას დათანხმდება, ის ალიევს მადლობის წერილს გაუგზავნის.
ბაღირზადე ამჟამად 20-წლიან სასჯელს იხდის. ის 2017 წელს, სხვა ბრალდებებთან ერთად, აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობის შეცვლის მცდელობისთვის გაასამართლეს. ბაღირზადე ყველა ბრალდებას უარყოფს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
ბაღირზადეს ორ არასრულწლოვან ვაჟს, მაჰამადჰასანსა და მაჰამადჰუსეინ ბაღირზადეებს ასევე წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდებები ბაქოს სკოლაში მომხდარ სავარაუდო ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევა 7 აპრილს მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის ეზოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა უფროსკლასელმა შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენა. მაჰამადჰუსეინ ბაღირზადე მათ შეჩერებას შეეცადა, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა. მოგვიანებით სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ოჯახის ვერსიით, მაჰამადჰასან ბაღირზადე ჩაერია მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მის ძმას ორი ადამიანი სცემდა. ოჯახის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად მეორე მხარის ერთ-ერთ მონაწილეს ცხვირი გაუტყდა.
ოჯახი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება თალეჰ ბაღირზადესა და მისი ოჯახის დაშინების მიზნით იყო პროვოცირებული.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.