აზერბაიჯანი თალიში აქტივისტის, იკბალ აბილოვის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას მოითხოვს

პუბლიკა

რამინ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი თალიში აქტივისტის, იკბალ აბილოვის სამი წლით მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. ხელისუფლების მტკიცებით, აბილოვმა, რომელსაც 2025 წელს სხვადასხვა ბრალდებით 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხეში წესები დაარღვია, რაც მისი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველია.

აბილოვს 2025 წლის მაისში ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი, მათ შორის სახელმწიფო ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებასა და სიძულვილის ენის გამოყენებაში ედებოდა. მკვლევარი, რომელიც ბელარუსში ცხოვრობდა, 2024 წლის ივლისში აზერბაიჯანში ნათესავების მოსანახულებლად ყოფნისას დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აბილოვი სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმა აბილოვი პოლიტიკურ პატიმრად შეაფასეს.

იკბალ აბილოვის უფლებების დაცვის კომიტეტის განცხადებით, ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა და მხოლოდ აკადემიურ კვლევებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობდა.

კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებამ განაცხადა, რომ აბილოვმა ციხის შიდა წესები დაარღვია და სასამართლოს 22-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა, რომელშიც სავარაუდო დარღვევები იყო აღწერილი.

თუმცა, დაცვის მხარის განცხადებით, არც აბილოვს და არც მის ადვოკატს წინასწარ არ ეცნობათ ანგარიშში მითითებული სავარაუდო დარღვევებისა და დისციპლინური სახდელების შესახებ. გარდა ამისა, დოკუმენტი დაცვის მხარეს სასამართლო სხდომამდე არ მიეწოდა.

პენიტენციურმა სამსახურმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.

„სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ციხის ადმინისტრაციამ წარადგინა 22-გვერდიანი ანგარიში, რომელიც იკბალ აბილოვის მიერ ციხის შიდა წესების სავარაუდო დარღვევებსა და მისთვის დაკისრებულ დისციპლინურ სახდელებს ეხებოდა. თუმცა არც აბილოვს და არც მის ადვოკატს წინასწარ არ ეცნობათ დოკუმენტში მითითებული დარღვევებისა და სახდელების შესახებ. ანგარიში დაცვის მხარეს წინასწარ არ მიეწოდა, რათა მას დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა“, – განაცხადა იკბალ აბილოვის უფლებების დაცვის კომიტეტმა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, აბილოვს პატიმრობის პერიოდში ციხის წესები არ დაურღვევია. ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს ეფუძნება მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები.

აბილოვის ადვოკატმა სასამართლოს სხდომის გადადება მოითხოვა, რათა დაცვის მხარეს დოკუმენტების გაცნობისა და შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სხდომა 12 ოქტომბერს გაიმართება.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, აბილოვს პროცესზე თალიშურ ენაზე საუბრის შესაძლებლობა ექნება, თარჯიმნის დახმარებით.

თალიშები ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ძირითადად ცხოვრობს აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილსა და ირანის ჩრდილოეთში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს მიმდებარე რეგიონებში.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.