სენატორი რიში: იმედგაცრუებული ვარ საქართველოში ოპოზიციის დევნით

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. სენატორი წერს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ოპოზიციის დევნა მიუღებელია.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალის გამოყენება გაზარდოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“, – წერს Twitter-ზე სენატორი რიში.

ჯიმ რიში სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად ერთ-ერთი წერილის ავტორია, რომელიც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს.

თავიანთ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ“, – წერდა სენატორი ჯიმ რიში ჯინ შაჰინთან ერთად გიორგი გახარიას.