ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად ეკიდება დემოკრატიისკენ მისწრაფებას – სენატორი რიში

ვასკა მათითაიშვილი

ოთხშაბათს, 4 თებერვალს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, სენატორ ჯინ შაჰინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის.

შეხვედრამდე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მას გულწრფელი საუბარი ექნებოდა სენატორებთან და მაქსიმალურად მიაწვდიდა მათ ხელთ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, პირველ რიგში სენატორები და კონგრესმენები, საქართველოს განიხილავენ, როგორც ლიდერ ქვეყანას, რომელსაც რეგიონში აქვს დაწესებული ძალიან მაღალი სტანდარტები დემოკრატიის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაავრცელეს სენატორებმაც და საქართველოს ხელისუფლებას პირობის შესრულებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ხაზგასმით გავიმეორეთ ჩვენი წუხილი საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით… ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს დემოკრატიისკენ სვლის აქტიურ მხარდამჭერად, თუმცა ჩვენ განგრძობითად უნდა ვხედავდეთ პოზიტიურ გაუმჯობესებას. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს, იყოს სრულყოფილი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად ეკიდება დემოკრატიისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ჯონ რიშმა.

განცხადება გაავრცელა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„მე გავაგრძელებ პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, მტკიცედ დაიცვან თავიანთი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ, ხელი შეუწყონ სასამართლოს დამოუკიდებლობას,  წინ წაწიონ დაპირებული საარჩევნო რეფორმა და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, – განაცხადა მან.

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში  29 იავნარს პრემიერ-მინისტრ გახარიას მისამართით გაგზავნილი კრიტიკული წერილის თანაავტორები არიან.

სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა დავით ზალკალიანმაც.

„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში… ბუნებრივია, ყველა რეკომენდაციას, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, გავითვალისწინებთ…“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.