სექსუალური ძალადობის საქმეზე გოგი წულაიას სააპელაციომ 4 წელი მიუსაჯა

პუბლიკა

პოლიტიკოს გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ამ დროისთვის გოგი წულაია საფრანგეთში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო”, – წერს პროკურატურა.

წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარუდგინეს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლო ის სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და საბოლოოდ მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.