სექტემბერში 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობა

პუბლიკა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. როგორ განცხადებაშია ნათქვამი, მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ყველაზე მეტი – 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 99 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 95, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 19, წიაღის უკანონო მოპოვების – 21, მიწის კანონმდებლობის დარღვევის – 17, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის – 14, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის – 12, წყლის კანონმდებლობის დარღვევის – 12, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის – 10, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი“, – წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 11 ფაქტია გამოვლენილი.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა 210 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 101 ფაქტი, აჭარასა და გურიაში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 50, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, ქვემო ქართლში – 30, შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, 2020 წლის სექტემბერში, თბილისში 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათივე თქმით, მათგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 286 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.