მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ბელგრადში სერბეთის პოლიციამ, სულ მცირე, ოთხი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში ჩხრეკა ჩაატარა.
პროკურატურის განცხადებით, ოფისებში პოლიცია USAID-ის მიერ შეწირული თანხების შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოძიების საფუძველზე შევიდა.
სახელმწიფო პროკურორის, ნენად სტეფანოვიჩის თქმით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მათ აშშ-სგან გამოითხოვეს დონალდ ტრამპის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ილონ მასკისა და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებების საფუძველზე.
პოლიცია ოთხ ორგანიზაციაში შევიდა: „კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრი“ (CRTA), „სამოქალაქო ინიციატივები“ (Civic Initiatives), „პრაქტიკული პოლიტიკის ცენტრი“ (Center for Practical Politics) და ფონდი „ტრაგი“ (Trag Foundation).
სტეფანოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ უმაღლესმა პროკურატურამ ბრძანება გასცა ამ ოთხი ორგანიზაციიდან USAID-თან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის ჩამორთმევის და ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვაზე დაბარების შესახებ.
ასევე, რეიდებამდე ერთი დღით ადრე, პოპულისტმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთი ფედერალურ ბიუროს (FBI) „დაეხმარება“ ქვეყანაში USAID-ისა და „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძიებაში.
მაია სტოიანოვიჩმა, „სამოქალაქო ინიციატივების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ოფისში, დაახლოებით, 20 პოლიციელი სასამართლოს ბრძანების წარდგენის გარეშე შევიდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩხრეკა არის „თავდასხმა ძირითად სამოქალაქო უფლებებზე“.
„ეს არის სერიოზული თავდასხმა ძირითად სამოქალაქო უფლებებზე და სერბეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე უკანონო ზეწოლის გაგრძელებაა. მმართველი სტრუქტურები დაშინებისა და დევნის მექანიზმების განხორციელებას ცდილობენ“, — წერია „სამოქალაქო ინიციატივების“ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან USAID-მა სერბეთში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დახმარება გამოყოფილი იყოს ზრდის, კანონის უზენაესობის გაძლიერების და კარგი მმართველობის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის სამთავრობო ორგანოებისთვის და პარლამენტისთვის, ასევე, დამკვირვებლებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.
სერბეთში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.
ნოვი-სადის სადგურზე ბოლო წლებში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა „საეჭვო მეგაპროექტების” ფარგლებში, რომლებშიც ჩინეთის სამთავრობო კომპანიები მონაწილეობდნენ.
სერბეთს მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.