თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე სტრატეგიულ საკითხზე განცხადებები გააკეთა, გარკვეულ შემთხვევაში კი გადაწყვეტილებებიც მიიღო.
ბოლო დღეების განმავლობაში, დონალდ ტრამპმა განიხილა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების პერსპექტივა, თუმცა გარკვეული პირობით. ამასთან, შეეხო „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) რეორგანიზების საკითხს, შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რასაც ღაზის სექტორთან დაკავშირებით აშშ-ის ინტერესების შესახებ მისი ბუნდოვანი კომენტარი მოჰყვა.
უკრაინა
უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გასაგრძელებლად, დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ აშშ დაინტერესებულია უკრაინის წიაღისეულით – ამ საკითხის განხილვის დროს, ტრამპმა გამოხატა უკმაყოფილება და თქვა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება ბევრად აჭარბებს ევროპელი პარტნიორების მიერ გაწეულ ფინანსურს მხარდაჭერას.
შესაბამისად, ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინამ შეერთებული შტატებისთვის უნდა უზრუნველყოს იშვიათ წიაღისეულზე [ლითიუმი, ურანი და ტიტანი] წვდომა. ტრამპი მიუთითებს, რომ ამ შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნას გამოთქვამენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებიც.
„მე მინდა, გვქონდეს იშვიათი მინერალების მხრივ უსაფრთხოება. ჩვენ ათასობით მილიარდ დოლარს ვდებთ და მათ შესანიშნავი იშვიათი მინერალები აქვთ. მინდა ამ მხრივ უსაფრთხოება და ისინი მზად არიან ამის გასაკეთებლად”.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მათი წიაღისეულით მომარაგება ჯერ კიდევ ნოემბრის არჩევნებამდე შესთავაზა და ტრამპის ბოლო განცხადებასაც „სამართლიანად“ აფასებს. ის ამბობს:
„ჩვენ ღია ვართ ჩვენს პარტნიორებთან ამის განსავითარებლად – ისინი, ვინც ჩვენი მიწის დაცვაში გვეხმარებიან, ხელს უშლიან ჩვენს მტერს მათი იარაღებითა და სანქციების პაკეტებით, ეს აბსოლუტურად სამართლიანია“.
პარალელურად, ის ამბობს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება და აღნიშნავს, რომ უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი საფრთხისშემცველია ყველასთვის.
რაც შეეხება რუსეთის გამოხმაურებას – ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ტრამპის ამ გეგმას „კომერციულ წინადადებას” უწოდებს.
The Washington Post წერს, რომ უცნობია რა რაოდენობის მინერალური რესურსი აქვს უკრაინას, თუმცა მიჩნეულია, რომ ღირებულება ტრილიონებს აჭარბებს. უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ეს შეფასებები არის მოძველებული და საჭიროა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები. მედია მიუთითებს, რომ გასულ თვეს გამართულ ფორუმზე, რომელსაც უკრაინაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრი, „We Bulid Ukraine“ მასპინძლობდა, „UkrLithiumMining”-ის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა აღნიშნა, რომ მათი კვლევების მიხედვით, ცენტრალური უკრაინის ერთ-ერთ საბადოში ლითიუმის რესურსები 42 მილიონ ტონად არის შეფასებული.
ტრამპისთვის მათ მინერალურ რესურსებზე წვდომის შეთავაზების წინადადებაში უკრაინის ერთ-ერთი არგუმენტი ჩინეთია – კერძოდ, WP აღნიშნავს, რომ ჩინეთმა იშვიათ წიაღისეულში საკუთარი ინვესტიცია უკვე გააკეთა აფრიკასა და ლათინურ-ამერიკაში, ხოლო უკრაინის დახმარებით აშშ-ს ექმნება შესაძლებლობა, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს.
USAID
პირველ თებერვალს დონალდ ტრამპმა „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) შესახებ განაცხადა, რომ ის „შეშლილი რადიკალების“ მიერ იმართება და მისი დახურვის პირობა გასცა. მოგვიანებით USAID-ის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ორშაბათიდან ვაშინგტონში არსებული მათი სათავო ოფისი დახურული იქნებოდა და სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ – ამან სააგენტოს დახურვასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები განამტკიცა.
3 თებერვალს მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა, რომელიც „მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ტრამპი USAID-ის დახურვას ოფიციალურად დათანხმდა – ამას მოჰყვა ასობით თანამშრომლისთვის თავიანთ სამსახურებრივ სისტემაზე წვდომის შეზღუდვა, ამასთან, USAID-ის უსაფრთხოების ორი ხელმძღვანელის „შვებულების” მიზეზით სამსახურიდან გაურკვეველი ვადით გაშვება. Associated Press წერს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილონ მასკის დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოს მათ საიდუმლო მასალების გადაცემაზე უარი განუცხადეს.
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკის მიერ მართული სააგენტოს თავდაპირველი მცდელობა, ფიზიკურად შესულიყვნენ USAID-ის სათავო ოფისში, შეაჩერეს – მედიას ორი წყარო ეუბნება, რომ „დოჯის“ (სააგენტოს შემოკლებული სახელი) წარმომადგენლები ოფისში შესვლას მუქარით ცდილობდნენ და მათი მიზანი USAID-ის უსაფრთხოების სისტემებსა და პერსონალურ დოკუმენტებზე წვდომის მიღება იყო. ამასთან, CNN-ის ორი წყაროს ინფორმაციით, „დოჯის“ პერსონალს სურდა საიდუმლო ფაილების მიღებაც.
ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა, რომლებმაც წერილი გაუგზავნეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და მოითხოვეს „დაუყოვნებლივი ინფორმაცია USAID-ის სათავო ოფისში შესვლასთან დაკავშირებით არსებულ ცნობაზე, მათ შორის იმაზე, ჰქონდათ თუ არა ამ პირებს თანხმობა და ვისგან იყო ეს თანხმობა გაცემული“.
3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ USAID კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაიბარა – კერძოდ, კონგრესმენებს მიწერილ წერილში, მან აღნიშნა, რომ სააგენტოს დროებით ხელმძღვანელად ის დაინიშნა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დიდი ხანია გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რაც უცხოეთში ამერიკული ინტერესების ზრდას უნდა ემსახურებოდეს და ახლა ცხადია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლის აღდგენისა და უკეთ გაგების მიზნით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო USAID-ის დროებით მმართველად დანიშნა. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების საქმიანობის გადახედვა, რეორგანიზაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით“.
შეხვედრა ნეთანიაჰუსთან
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ჟურნალისტებთან ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა ისაუბრა თავის გეგმებზე აშშ-ის მიერ ღაზის სექტორზე „კონტროლის აღებასთან”, ამასთან მეზობელ ქვეყნებში პალესტინელების გადასახლებასა და რეგიონის ხელახალ განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც მან „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ უწოდა.
ამასთან, მან არ გამორიცხა შეთანხმების საბოლოო მიღწევის მიზნით აშშ-ის ჯარების გაგზავნა და დაუშვა ისიც, რომ ამისთვის შესაძლოა, თავად განახორციელოს პერსონალური ვიზიტი.
„აშშ აიღებს კონტროლს ღაზის სექტორზე და შესაბამის სამუშაოებსაც გავაკეთებთ. ჩვენ დავეუფლებით მას და ვიქნებით პასუხისმგებელი ტერიტორიაზე არსებული ყველა საშიში, აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის განადგურებაზე. გამოვასწორებთ ტერიტორიას, მას მოვაშორებთ განადგურებულ შენობებს. გამოვასწორებთ და ვიზრუნებთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელ სახლებს.
ჩვენ რეალურ საქმეს გავაკეთებთ, გავაკეთებთ განსხვავებულ რამეს. მაგრამ უკან ვერ დავიხევთ, რადგან თუ დაიხევ, იგივე იქნება, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში“.
მოგვიანებით, მას ჰკითხეს, რა უფლებამოსილება აქვს 1,8 მილიონი ადამიანის ღაზიდან გადასახლების განსახორციელებლად, რაზეც მან უპასუხა:
„მე ვხედავ გრძელვადიანი მფლობელობის პოზიციას და მჯერა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილში შესანიშნავ სტაბილურობას მოიტანს და შესაძლოა, მთლიან ახლო აღმოსავლეთში და ყველასთვის, ვისაც ვესაუბრე. ეს არ ყოფილა ზედაპირულად მიღებული გადაწყვეტილება“.
ტრამპმა ისაუბრა, რომ მას წარმოუდგენია ღაზის სექტორის საერთაშორისო ადგილად გადაქცევა, რომელსაც „პოტენციალი“ აქვს და სადაც საერთაშორისო საზოგადოება დასახლდება.
„მე ვფიქრობ, ხალხი მთელი მსოფლიოდან იქნება იქ – მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები, პალესტინელებიც იქნებიან. უამრავი ადამიანი იცხოვრებს იქ […] ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს მაღალ დონეზე გაკეთდეს. ეს შესანიშნავი იქნება ხალხისთვის, ძირითადად პალესტინელებზე ვსაუბრობ. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარს ამბობენ, მე დარწმუნებული ვარ, იორდანია და ეგვიპტე გააღებენ კარს და მოგვცემენ ისეთ მიწას, სადაც ამის გაკეთებას მოვახერხებთ, და ხალხი ჰარმონიულად, მშვიდობით იცხოვრებს“.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში შენობების 70% დაინგრა ან სრულად განადგურდა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნიათ. ღაზის სექტორმა ბოლო 15 თვის განმავლობაში მასშტაბური ჰუმანიტარული ზიანი განიცადა – ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებით, მოკლულია 45 000-ზე მეტი პალესტინელი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია.
ჯანდაცვის სექტორზე არსებული მონაცემებით, ღაზის საავადმყოფოების ნახევარი დახურულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ მათგანს არ შეუძლია მოქალაქეებში ქრონიკული დაავადებებისა და რთული დაზიანებების მკურნალობა.