სერგეენკო კონფერენციაში პაპუაშვილის მონაწილეობაზე: გრაფიკის გადაწყობა ვერ მოხერხდა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე საათით ადრე მიიღო მიწვევა საერთაშორისო კონფერენციაზე – „დიდება უკრაინას“ დასასწრებად, გრაფიკის შეცვლა გართულდა და ამ მიზეზით პარლამენტის თავმჯდომარე ვერ დაესწრო კონფერენციას.

„რაც შეეხება ამ კონფერენციას, მე არ ვიცი, შინაარსობრივად რადიკალურია თუ არ არის რადიკალური. უკრაინის მხარდაჭერა კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის დაუსწრებლობის მიზეზი, რამდენადაც ვიცი, ეს არის მოკლე შეტყობინება – რამდენიმე საათით ადრე მიიღო მოწვევა და გრაფიკის გადაწყობა გართულდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ კონფერენციაზე დაუსწრებლობის მიზეზი სხვაგვარად განმარტა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის „რადიკალიზაციის ნორმალიზებას“ ვერ შეუწყობს ხელს და ამიტომ არ დაესწრება კონფერენციას.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები არ ესწრებიან.

2022 წლის 5-6 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მიმდინარეობს.

კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალსა და ა.შ.

კონფერენციაში ევროპარლამენტარების ის ჯგუფიც მონაწილეობს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.