სერგეი შამბა: საქართველოსთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ ვაპირებთ

პუბლიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ „საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არავის აკვირვებს, თუმცა, აფხაზეთის ამოცანა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაა”.

საქმე ირაკლი კობახიძის 26 მაისის განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც, „საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და საქართველო „აფხაზ და ოს ძმებთან ერთად” ერთ ქვეყნად იცხოვრებს”.

შამბამ რუსულ სამთავრობო გამოცემა ТАСС-ს უთხრა, რომ „საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალი გადაუჭრელი პრობლემაა”.

განხივილავთ მაშინ, როცა ამისი დრო მოვა. მანამდე ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ მზაობას და კონფედერაციის თუ რამე სხვა ორმხრივი ურთიერთობის განხილვას საქართველოსთან ჩვენ არ ვაპირებთ”, – თქვა სერგეი შამბამ.

მან ასევე თქვა, რომ „1992 წელს აფხაზი პოლიტიკოსი ტარას შამბა აპირებდა, მოეხდინა პროექტის ინიციირება, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის კონფედერაციის მოდელს მოიაზრებდა, თუმცა, როცა აფხაზეთის პარლამენტში ამის განხილვა უნდა დაეწყოთ, ომი დაიწყო”.

„მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, ამიტომაც, ახლა ამაზე ლაპარაკი არ არის. საქართველოს ვუსურვებთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ისინი თავიანთი გზით მიდიან, ჩვენ – ჩვენით”, – თქვა სერგეი შამბამ.