ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: საქართველოსთან შეერთებაზე ნებისმიერი საუბარი უადგილოა

პუბლიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „საქართველოსთან შეერთებაზე ნებისმიერი საუბარი უადგილოა”.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის 26 მაისის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და საქართველო „აფხაზ და ოს ძმებთან ერთად” ერთ ქვეყნად იცხოვრებს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამინისტრო აცხადებს, რომ „უწევთ, კიდევ ერთხელ დააბნელონ ბატონი კობახიძისa და სხვების მეოცნებე განწყობა და ისინი რეალობაში დააბრუნონ, სადაც შიდაპოლიტიკური კრიზისი და ამ ფონზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია”.

„ეს ძალიან სერიოზული ფაქტორები და საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა, გაუმკლავდეს მათ, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბატონ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული „ევროპული ოცნების“ ასრულების ვადებს, არამედ შეიძლება გახდეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების რეალური საფრთხე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმი ასევე აცხადებს, რომ „არ დათმობს თავისუფლებას, რომელიც მოიპოვეს ქართულ ფაშიზმთან სისხლიანი ბრძოლით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საბჭოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, გრეგორი კარასინი და თქვა, რომ კობახიძის განცხადება „ფუჭი მსჯელობაა”.