სერვერს პრობლემა შეექმნა, ხმის მიცემის პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ - „გირჩი" სიაზე

პუბლიკა

პარტია „გირჩი“ პრაიმერისის გზით დაკომპლექტებულ პოლიტიკური სიის ათეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სერვერს პრობლემა შეექმნა და აღნიშნული პროცესი თავიდან უნდა გაიარონ.

პარტია კანდიდატებს პრაიმერისის საშუალებით არჩევს. განმეორებითი პროცედურა დღეს, 30 ივლისს საღამოს 19:00-ზე ისევ დაიწყება.

გთავაზობთ პარტიის განცხადებას:

„როგორც იცით, დღეს, 30 ივლისს, 16:20-ზე ჩვენს პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს უნდა გამოევლინათ „გირჩის” პროპორციული პარტიული სია. ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული გვქონდა „გირჩის” საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და, სამწუხაროდ, ჩვენს სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგზე, საბოლოო სიაზე.  შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია.

ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიმ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო.  თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ, რათა ყველა პოლიტიკოსს ქონდეს შანსი, რომ მისკენ მიმართული მხარდაჭერა რეალურად აისახოს ჩვენს პროპორციულ სიაში.  ამისათვის გადავწყვიტეთ შემდეგი: დღეს, 30 ივლისს, საღამოს 19:00-ზე საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება გამოხატოს საკუთარი პრეფერენციები.  ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი (თავის დაზღვევის მიზნით) კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის”, – წერია განცხადებაში.