საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში არის განთავსებული.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა, საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და მანდატის ფარგლებში განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას.
„სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის აუცილებლობას მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში. ამგვარი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვანებისთვის და მათი შეწყვეტა ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მომზადებულ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მომსახურებების სიმცირესა და სერვისცენტრების გადატვირთულობაზე. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებებს სერვისების გაფართოებისა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.