სეს: ცხოველები დაბრუნდებიან იმავე ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს — გამონაკლისებით

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით თავშესაფრებში გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდებიან იმავე ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს. გამონაკლისია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები“.

უწყების განცხადებით, ცვლილებები შევა N412 განკარგულებაში, რომელშიც ეწერა, რომ სტერილიზებულ და ვაქცინირებულ მიუსაფარ ცხოველებსაც კი, საჯარო სივრცეების უდიდეს ნაწილში ბინადრობა ეკრძალებოდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ ცვლილებები იგეგმება შესაბამისი „უწყებების, დაინტერესებული მხარეებისა და ცხოველთა მოყვარულების თანამშრომლობის შედეგად“.

სააგენტოს თანახმად:

„ცვლილებათა პროექტის თანახმად, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდებიან იმავე ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს. გამონაკლისია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან ან საბავშვო და სპორტულ მოედნებთან აყვანილი ძაღლები, რომლებიც დაბრუნდებიან დაჭერის ადგილიდან არაუმეტეს ერთკილომეტრიან რადიუსში.

გარდა ამისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ვაქცინაციის, კასტრაცია/სტერილიზაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ლეიშმანიოზსა და ჭირზე ტესტირების ჩატარების მიზნით, თავშესაფარში გადაყვანას დაექვემდებარება არაიდენტიფიცირებული ცხოველი, ხოლო საყურე ნიშნით იდენტიფიცირებად უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.

ცვლილებები შესაბამისი განკარგულების ხელმოწერისთანავე შევა ძალაში“.

ცხოველთა დამცველები რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს – ისინი ამბობდნენ, რომ ქალაქებიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოს მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და დიდ ნაწილს უკან არ აბრუნებდა, ასევე მიმკედლებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.

2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა.

განკარგულება მოიაზრებს 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან (კახეთი, ცხოველთა დამცველები პროგრამას იწონებენ, თუმცა შესრულების მექანიზმს აკრიტიკებენ.

აქტივისტები ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება თბილისს არ ეხება, სააგენტოს მიუსაფარი ცხოველები „ყველანაირი ჩანაწერის გარეშე“ დედაქალაქშიც მიჰყავდა/მიჰყავს. მათი განცხადებით, სააგენტო კანონის საფუძველზე არ მოქმედებს.

რაც შეეხება 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს – მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში – „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება კი უნდა გაიწეროს კანონშიც და განკარგულებებშიც.

მათი შეფასებით, ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ბუნდოვანია (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი), არამედ აზრს მოკლებულიც. ცხოველთა დამცველები ასევე მოითხოვდნენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ კი, თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა ჩატარდეს ადგილზევე.