სეს: თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად თბილისში მიუსაფარი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. სააგენტოს ცნობით, ერთობლივი ღონისძება მიზნად ისახავს ცოფის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას.

„ამჯერად ვეტერინარებმა ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.

მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია გრძელდება და თბილისის ყველა უბანს მოიცავს.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.

ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება  ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო საზოგადოებას მოუწოდებს, ცხოველზე დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.

„ცხოველების სიცოცხლის დასაცავად, აუცილებელია ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია!

მოერიდეთ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს!

თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.