შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას. ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.

მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.