შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, 25 მარტს ხელი მოაწერა ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი და უქმდება ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობა.

კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტმა ის დაძლია და მხარი მმართველი პარტიის ინიციირებულ ვარიანტს დაუჭირა. სწორედ ამას მოაწერა ხელი შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონში მის შეცვლამდე არსებული ჩანაწერი „ჩიხური იყო”.

„დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.

მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ განწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მისი მტკიცებით, „ოპოზიცია ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შემდეგ შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა.

პაპუაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონით:

გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები 5 წლის ვადით მიიღებენ უფლებამოსილებას.

იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამავე ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან ირჩევენ, მეორეს კი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები ცესკოს ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მოაქცევს და არღვევს ევრორეკომენდაციებს.