შანხაიში კინოცენტრის დელეგაციაში სამინისტროს აუდიტის უფროსი და „იმედის“ თანამშრომელიც იყვნენ

14-23 ივნისს შანხაიში გაიმართა 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 16-18 ივნისს კინობაზრობაც ჩატარდა. ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მონაწილეობდა. კინობაზრობის ონლაინბაზის მიხედვით, კინოცენტრის დელეგაცია 12 ადამიანისგან შედგებოდა. 

„პუბლიკამ“ მოიპოვა კინოცენტრის დელეგაციის წევრების სია, რომელშიც კინოცენტრის თანამშრომლების გარდა, იყვნენ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი და რამდენიმე კინემატოგრაფისტი. 

„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ მოხვდნენ კინოცენტრის დელეგაციაში პირები, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის თანამშრომლები; რა მისიით იმყოფებოდა კინოფესტივალზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; რა დაუჯდა ბიუჯეტს 12-წევრიანი დელეგაციის ჩინეთში გამგზავრება და დარჩენა; რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კინემატოგრაფისტები და რა შედეგებით დასრულდა კინობაზრობაში მონაწილეობა.

„პუბლიკამ“ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, სოსო სუთიძეს ჰკითხა, რა მისიით იმყოფებოდა ის შანხაის ფესტივალის კინობაზრობაზე.

– მაგაზე შეგიძლიათ მომართოთ სამინისტროს და გიპასუხებენ, რა მისიით ვიყავი.

– ფესტივალის ბაზაში წერიხართ, როგორც კინოცენტრის წარმომადგენელი. 

– არა, მე ვარ სამინისტროს წარმომადგენელი და არა კინოცენტრის. 

– ბაზაში ასე რატომ წერიხართ? 

– ვერ გეტყვით, სად წერია და როგორ წერია. 

– დროებითი შრომითი ხელშეკრულება ხომ არ გააფორმეთ კინოცენტრთან? 

– არა, არაფერი არ გაფორმებულა. 

– თქვენი სამივლინებო ხარჯები კინოცენტრმა დაფარა თუ სამინისტრომ? 

– თქვენ ახლა ინტერვიუს მართმევთ, თუ რა ხდება?! მოიწერეთ და გაგეცემათ პასუხი. რასაც მოითხოვთ, გაგეცემათ პასუხი.

კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოსო სუთიძე, TV იმედი

„პუბლიკამ“ ამ შეკითხვებით კულტურის სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა. 14-დღიანი ლოდინის შემდეგ კი კვლავ სოსო სუთიძეს დავუკავშირდით, რათა მისგან გაგვეგო, რა მისიით იმყოფებოდა ის შანხაის კინოფესტივალზე:

„მე ასე პირდაპირ ინტერვიუს მიცემის უფლებამოსილება არ მაქვს, მიმართეთ პრესსამსახურს“, – გვიპასუხა სუთიძემ.

ცნობისთვის, ბერლინის წლევანდელ საერთაშორისო კინოფესტივალზე გური სულთანიშვილი კინობაზრობის პლატფორმაზე კინოექსპორტის სპეციალისტად იყო მითითებული. მაშინ სულთანიშვილმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ კინოცენტრთან დროებითი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ხარჯებსაც საბიუჯეტო ორგანიზაცია აანაზღაურებდა.


„პუბლიკამ“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ჰკითხა, როგორ მოხდა, რომ ის კინოცენტრის წარმომადგენლის სახელით იყო შანხაის კინობაზრობის პლატფორმაზე.

„მაგას რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, თქვენ რა გაინტერესებთ… მე კინორეჟისორი ვარ და თუ რამე გაინტერესებს კინოზე, მკითხე. ტექნიკურად იქ როგორ გაფორმდა, დარეკე კინოცენტრში და იკითხე. კინოცენტრში დარეკე და გეტყვიან, მე არ ვიცი, როგორ გაფორმდა“, – გვითხრა გოგა ხაინდრავამ. 

– კინოცენტრის თანამშრომლად გაფორმდით?

– კარგად იყავი, რა!

„პუბლიკას“ ასევე სურდა გაერკვია, რა შედეგით დასრულდა კინობაზრობაში მონაწილეობა, თუმცა გოგა ხაინდრავამ საუბრისას ტელეფონი გაგვითიშა.

შანხაიში კინოცენტრის დელეგაციის ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებზე საპასუხოდ „პუბლიკამ“ ეროვნულ კინოცენტრსაც მიმართა. ორგანიზაციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამ საკითხებში გარკვეული პირები შვებულებაში არიან და 5 დღეში კვლავ დავკავშირებოდით, ან თავადაც დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა ჩვენს ზარებს ორგანიზაციაში აღარ პასუხობენ და 14 დღეა, არც კინოცენტრიდან დაგვკავშირებია კომპეტენტური პირი.

„პუბლიკა“ დელეგაციის კიდევ ერთ წევრს, პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასაც დაუკავშირდა, რომელმაც შანხაის კინოფესტივალის ხსენების შემდეგ გვითხრა, რომ „არ სცალია და არ აინტერესებს“ ეს საკითხი.

– კინოცენტრის დაფინანსებით წახვედით შანხაიში? 

– არ მაინტერესებს ლაპარაკი. რომ მაინტერესებდეს, დაგელაპარაკებოდი. 

– მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესია, საბიუჯეტო ორგანიზაციამ რა გზით წაიყვანა დელეგაცია. 

– მომისმინე ერთი წამით შენ, ჩემს პირად სივრცეში იჭრები! – გვითხრა კაჭარავამ.

შანხაის კინობაზრობაში, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გარდა, არაერთი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. მაგალითად, პოლონეთის კინოინსტიტუტის დელეგაცია 2 ადამიანით იყო წარმოდგენილი, საფრანგეთის Unifrance-ს 3 წარმომადგენელი ჰყავდა, საქართველოს კინოცენტრს კი – 12.

  1. ბაჩო იდიშარია – კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი;
  2. კობა ხუბუნაია – კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანის პირველი მოადგილე;
  3. სოსო სუთიძე – კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
  4. თეკლა გურგენიძე – კულტურის სამინისტროს პიარის სპეციალისტი;
  5. ბორის ფოცხიშვილი – სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი;
  6. ქრისტი კარიაული – სავარაუდოდ, თარჯიმანი;
  7. გოგა ხაინდრავა – რეჟისორი;
  8. ვლადიმერ კაჭარავა – პროდიუსერი;
  9. სოსო ზაზაშვილი – საჯარო წყაროებით საქმიანობის დადგენა ვერ მოხერხდა;
  10. ლუკა ზაზაშვილი – საჯარო წყაროებით საქმიანობის დადგენა ვერ მოხერხდა;
  11. გიორგი ჯაჯვანი – სავარაუდოდ, კინოცენტრის თანამშრომელი;
  12. გიორგი ქადაგიძე – საჯარო წყაროებით საქმიანობის დადგენა ვერ მოხერხდა.
გიორგი ჯაჯვანი, გოგა ხაინდრავა, ვლადიმერ კაჭარავა, კობა ხუბუნაია, ბაჩო ოდიშარია, ლუკა ზაზაშვილი / GNFC

„პუბლიკა“ ესაუბრა „საქართველოს კინოინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორსა და კინოცენტრის ყოფილ თანამშრომელს, დავით ვაშაძეს, რომელიც შანხაის კინოფესტივალის ერთ-ერთ ინდუსტრიულ სექციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. 

მისი თქმით, შანხაის კინობაზრობაზე გამოჩენა თავისთავად კარგია, თუმცა სპეციფიკის გათვალისწინებით (კინობაზრობა სხვა ევროპულ კინოფორუმებთან შედარებით ჩაკეტილი და უფრო ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული), გაუგებარია, რა საჭირო იყო 12-კაციანი დელეგაცია, როდესაც ასე ძვირი ჯდება შანხაიში წასვლა.

„გარდა იმისა, რომ ამდენი ხალხი წაიყვანეს, ჩემთვის პრობლემური იყო სტენდის გაფორმება და პოზიციონირება. რა თქმა უნდა, ქართული კინოს წარსულს ყველა ვაღიარებთ და ყველა ვამაყობთ, მაგრამ დღეს, 2024 წელს შენ რომ პოზიციონირებ 60-იანი და 70-იანი ფილმების კადრებით, ეს არის ძალიან დიდი არაპროფესიიონალიზმი და უცოდინარობა. მოდის კინემატოგრაფისტი და რაზე ესაუბრები, შენს წარსულზე? კინოს ისტორია ძალიან მოკლეა, დღეს თუ შენ არაფერს წარმოადგენ და არაფერს აკეთებ, წარსულით ვერავისთან ვერ დაამყარებ [კონტაქტს].

სტენდის ვიზუალს რომ შევხედოთ, გვეუბნებიან, რომ დღეს ჩვენ ქართული კინო არ გვაქვს და მხოლოდ წარსულით ველაპარაკებით – 30, 40 და უფრო  მეტი წლის წინანდელი ფილმებით. მაშინ, როცა  თანამედროვე ქართულ კინოს ბოლო წლებში ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, მათ შორის, ჩინეთშიც. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში პეკინის კინოფესტივალის ოთხი მთავარი პრიზი ქართულმა ფილმებმა მიიღეს – შეეძლოთ, ამით ესაუბრათ; შანხაის კინოფესტივალზე გამარჯვებული დიტო ცინცაძის ფილმით ესაუბრათ; ასევე, წელს ბაკურ ბაკურაძის ფილმი იყო მთავარ კონკურსში და ხსენება არ ყოფილა… ეს ყველაფერი ქმნის იმის შეგრძნებას, რომ ის ხალხი, კინოცენტრში ვინც არის და როგორც არის, დადის კინოფესტივალებზე მოგზაურობისთვის… იმდენად უცოდინარად იყო სტენდი გაკეთებული, ან წითელი ვარსკვლავები რატომ იყო სტენდზე, ვერ მივხვდი“, – გვითხრა დავით ვაშაძემ.

ფოტო შანხაის კინობაზრობიდან / GNFC

დავით ვაშაძეს ასევე ვკითხეთ, კინოცენტრის დელეგაციაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების არსებობაზეც. ის გვპასუხობს, რომ უწყების თანამშრომელი, სავარაუდოდ, კანონს არღვევს.

„სოსო სუთიძე, რომელიც არის კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსი, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ევალება პირიქით, გააკონტროლოს მართლზომიერი ხარჯვა სახელმწიფო თანხების, თვითონ ეს ადამიანი მიდის დარღვევით. შანხაის კინოფესტივალზე მიდის, როგორც კინოცენტრის თანამშრომელი.

რა კავშირი აქვს აუდიტის სამსახურის უფროსს კინოსთან და კინობაზრობასთან შანხაიში? რა საქმეზე წავიდა?! რა შეისწავლა, სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხდება აუდიტი?! თუ თავის გამოცდილებას უზიარებს, მარტივი გზით როგორ გაუშვა თანამშრომელი მივლინებაში“, – ამბობს დავით ვაშაძე.

კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისთვის ასევე გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს დელეგაციის წევრებად კინემატოგრაფისტები?

„საქართველოში, მინიმუმ, 1000-მდე კინემატოგრაფისტია. როგორ გამოარჩიეს 1000-დან ის რამდენიმე, ვინც წავიდა? ამისთვის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურას, ევალება ჰქონდეს მკვეთრი კრიტერიუმები – ვინ მიჰყავს და რატომ. რაიმე კონკურსს აცხადებს, იღებს განაცხადებს, ამ განაცხადების შედეგად ამუშავებს და ამათ იღებს, თუ უბრალოდ ვისთანაც მეგობრობს, ვინც უფრო სიმპათიურია მისთვის, ვისაც უფრო უნდა მოგზაურობა შანხაიში, იმათ აძლევს? გაუგებარია, იგივე გოგა ხაინდრავა კანში იყო, ახლა შანხაიში იყო… კიდევ  ერთი და იგივე გვარის ხალხი – ზაზაშვილები. რატომ გადაწყდა, რომ ზაზაშვილები წასულიყვნენ იქ? მანამდე არ მსმენია, თუმცა შეიძლება ძალიან ნიჭიერია და ამაზე არ მაქვს ლაპარაკი, როდესაც არ ვიცნობ ადამიანის შემოქმედებას, მაგრამ რატომ? როგორ გადაწყდა? ღიაობა, გამჭვირვალეობა, ოდნავი მაინც…“, – გვითხრა დავით ვაშაძემ.

მისივე თქმით, კინოცენტრის ასეთ სტრუქტურად ქცევა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემიდან გადმოყვანილი ადამიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა. 

ვაშაძე ფიქრობს, რომ თანხა, რომელსაც კინოცენტრი ბოლო წლების კონკურსებში გამარჯვებულ კინემატოგრაფისტებს არ აძლევს, მივლინებებში იხარჯება.