შაქარაშვილის საქმე | პროკურატურის განცხადება საპატიმროს ვიდეოჩანაწერებზე

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ საპატიმროში წარმოებული ფარული გადაღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და თან ერთვის შაქარაშვილის საქმის მასალებს.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს.

ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს, “- ამბობენ პროკურატურაში.

განცხადება გაავრცელა ასევე სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა: „პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას. სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, “- ამბობენ უწყებაში.

„ტელეკომპანია პირველმა“ დღეს გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც საპატიმრო საკნებში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საუბარია ჩაწერილი.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კი სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.