შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

დღეს სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა. პროკურატურა პატიმრობის საფუძვლად მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.

11 სრულწლოვან ბრალდებულს – „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს;  მერსედესის“ მგზავრებს: თენგიზ ბარბაქაძეს, გიგა ტატიაშვილს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს და ე.წ. აგარაკის ეპიზოდში მონაწილე პირებს, რომლებიც საქმეში საბურთალოელებად მოიხსენიებიან: საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სახით გირაოს შუამდგომლობას დააყენებდნენ. თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კი სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.