შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა გადაიდო

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო.

ერთ-ერთი ბრალდებულის ლ.შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოსამართლემ სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., ადვოკატის ინფორმაციით, სხდომის მიმადინარეობისას ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, არასრულწლოვანი ბრალდებული მეოთხე დღეა, შიმშილობს და, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

დღეს ჩანიშნული იყო გიორგი შაქარაშილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა, სადაც მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაწყებულიყო.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.