შაქარიშვილი: ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერები იყვნენ, აღელვებული საზოგადოება

პუბლიკა

ანტიდასავლური მოძრაობა „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ ლიდერის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების წინააღმდეგ მისი მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ის უარყოფს ქვების სროლის ფაქტს და ამბობს, რომ „ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა“

„არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყნის მტრებმა მოწამლონ ახალგაზრდები. ძალადობა არის ის რასაც ზურა გირჩი აკეთებს და რასაც თქვენი ტელევიზია აკეთებს.“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დღეს ბორჯომში „ლიბერალური აკადემია“ სემინარს მართავს. დილით, სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიმავალ ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან“ თავს დაესხნენ. ამ ფაქტიდან მალევე, სასტუმროსთან, სადაც სემინარი იმართება, 60-მდე ადამიანი მივიდა. ისინი ისროდნენ ქვებს, სემინარიის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ. ისმოდა მუქარის შემცველი განცხადებებიც. აღნიშნული ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბორჯომში მომხდარი თავდასხმის ფაქტი დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

„დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.“ – ნათქვამია NGO- ების განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას.