აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე კი მიშელმა ფაშინიანსა და ალიევთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი თანამშრომლობისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნა იყო. მიშელის თქმით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერის საზრუნავია, რომ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის სამხრეთ კავკასია იყოს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული.
მიშელი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რიგ საკითხებში თანამშრომლობას, მათ შორის, ტყვეების გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორების რუკების გადაცემას. მან მოუწოდა ორივე მხარეს, განაგრძონ და გააძლიერონ თანამშრომლობა ჰუმანიტარულ საკითხებში, ევროკავშირის სახელით კი ორივე ლიდერს აღუთქვა, რომ მზად არიან კონფლიქტით დაზარალებულთა დასახმარებლად და რეგიონში მშვიდობის მშენებლობისთვის სპეციალისტების გასაგზავნად.
მიშელის განცხადებით, მათ ასევე განიხილეს ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები. ფაშინიანი და ალიევი კი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და სხვა ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას.