შარლ მიშელი: „უცხოური გავლენის“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის გზას

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერასა და მშვიდობიანი აქციის დაშლას ეხმიანება.

„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია.

„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც ქართველთა უმრავლესობას სურს.

კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის იდეის მთავარი გასაღები“, – წერს შარლ მიშელი ტვიტერში.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.