შეჩერდეს გამოსახლება, თავისუფლება დაკავებულებს - „ხმა" აღსრულების ბიუროში შევიდა

პუბლიკა

მოძრაობა „ხმის” წევრები და მათი მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად აღსრულების ბიუროს შენობაში შევიდნენ და მოთხოვნები წამოაყენეს: „შეჩერდეს გამოსახლებები და გამოცხადდეს მორატორიუმი” და გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები.

განახლება: რამდენიმე წუთში ბიუროს თანამშრომლებმა ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.