შეცვალონ დღის წესრიგი, რიტორიკა, უარი თქვან რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე - კობახიძე ოპოზიციაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს.

„საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში და მათ უნდა აჩვენონ განგრძობითად რაღაც რაციონალური პერიოდის განმავლობაში, რომ მათ სურთ ჩაერთონ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება. მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დავუკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი მესიჯი იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, – „დიდი ბოდიში!“ – ეს არის ჩვენი პასუხი ამაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, ეს ვადამდელი არჩევნები, გასული წლის მსგავსად, 120+30 სისტემით უნდა ჩატარდეს, 1%-იანი ბარიერით, სადაც 30 მანდატი ისევ მაჟორიტარების იქნება.

ამ სისტემას ცვლის შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს. შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა აისახოს, ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

სექტემბერში პარლამენტმა ამ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ბარიერი 2%-ით განისაზღვრა, თუმცა „ქართულ ოცნება“ მეორე მოსმენისთვის მის 1%-ით გაზრდას და საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო სახით მიღებისას 3%-იან ბარიერს მოითხოვდა.