შეეჯახა „ფორდს“, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა - მძღოლს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება წარუდგინეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს.

უწყება ამბობს, რომ 14 მაისს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა „ფორდს“, რომელშიც 4 პირი იმყოფებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს“, – წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.