შეერთებულ შტატებში სტიქიას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „იდასგან“ გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, სადაც რეკორდული წვიმა მოვიდა, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაიტბორა ნიუ-იორკის მეტროც, საიდანაც მაშველებმა 800-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ ქალაქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა სტიქიასთან საბრძოლველად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა.

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიქია, რაც უნახავთ. ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს თქმით, ქალაქს თავს დაატყდა უპრეცედენტო სტიქია. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში რეკორდული რაოდენობის – 8 სანტიმეტრის სისქის ნალექი დაფიქსირდა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, საჭიროა „ისტორიული ინვესტიცია“, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდეს. რადგან კლიმატის ცვლილებასთან ერთად, სტიქიაც სულ უფრო დამანგრეველი ხდება.