გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარდა მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით.
ცენტრმა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე 2022-2023 წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციის შემდეგ ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე იქამდე იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე და დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება.
შეფასების მიხედვით, 2022-2023 წლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებითი ბარათის (ავტორი მ. ლეკვეიშვილი) მიხედვით, ტიმოთესუბნის ეკლესიის სახურავზე შემდეგი სამუშაოები დაიგეგმა:
- არსებული თუნუქის საფარის დემონტაჟი და საფარის დაზიანებული ლორფინების შეცვლა იგივე ტიპის ქვით, ავთენტურის გაბარიტებით, ფორმით, ხოლო დაუზიანებელი ქვების გადაწყობა წინასწარ მომზადებულ კირხსნარის მოჭიმვაზე;
- ტაძრის სახურავის მთელ ფართზე ლორფინების გაწმენდა ლიქენებისა და მცენარეული საფარისგან;
- ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება ჰაერის ჭავლით და ამოგოზვა ელასტიური სილიკონით (რუხი ფერის), რომელიც უზრუნველყოფს წყლის შეუღწევადობას ხანგრძლივი დროით;
- ტაძრის სახურავის მთელ ფართზე სპილენძის საფარის დაგება. აღდგენილ ლორფინებზე დამაგრება ხის ლარტყებისა, რომლებზეც შემდგომ დაიგება 2,5 სმ- ის სისქის ფიცრები. სახურავის დახრილი სიბრტყეების სრულად შეფცვრა. შეფიცრულ სახურავზე ხის ლილვების მოწყობა. პროექტში მოცემული სახურავის ნახაზის მიხედვით შეფიცრულ სიბრტყეებზე დაიგება სპილენძის ფურცლები.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს სამუშაოები განხორციელდა 2022-2023 წლებში.
დოკუმენტის თანახმად, საგულდაგულოდ შეკეთებული, გაწმენდილი და ამოგოზილი ლორფინის სახურავი, რომელსაც წყლის შეღწევადობის პრობლემა წესით აღარ უნდა ჰქონოდა, ზემოდან სპილენძის სახურავით გადაბურეს. ამისთვის კი უკვე რეაბილიტირებული სახურავის ლორფინები დახვრიტეს და ზედ რვამილიმეტრიანი დიამეტრის ლითონის სჭვალებით (ხარჯთაღრიცხვაში ლურსმნები წერია) დაამაგრეს ხის ლარტყები და ფიცრები.
სჭვალებისა და, შესაბამისად, ნახვრეტების რაოდენობა რამდენიმე ასეულია (სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტში სხვადასხვა რაოდენობაა მითითებული, ყველაზე ცოტა – 350).
შეფასების თანახმად, ეს გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს არქიტექტურული ძეგლის ავთენტურობასა და მთლიანობას და აზიანებს მის ერთ ნაწილს, გაუგებარი და მეთოდოლოგიურად სრულიად გაუმართლებელია – პროექტის პირველ ეტაპზე რეაბილიტირებული ლორფინები პროექტის მეორე ეტაპზე შემსრულებლებმა თავადვე გააზრებულად დააზიანეს (გახვრიტეს).
„ძნელია შემსრულებელთა განზრახვის გაგება. ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ ისაა, რომ ისინი არ ენდნენ საკუთარ ნამუშევარს, არ ჩათვალეს საკმარისად ლორფინის სარეაბილიტაციოდ ჩატარებული სამუშაო და თავის დასაზღვევად ზედ სპილენძი გადააკრეს”. – წერია დოკუმენტში.
დასკვნის თანახმად:
ტიმოთესუბნის ეკლესიას ყოველთვის ლორფინის საბურველი ჰქონდა. ის კარგად ეხამება აგურითა და კირით ნაგები შენობის სადა, ფირუზისფერი ჭიქური ელემენტებით მინიმალისტურად გაფორმებულ ფასადებს და ორგანულად ასრულებს მას.
ლორფინის სახურავი ეკლესიის ავთენტური სახისა და არქიტექტურული ღირებულების ერთ-ერთი არსებითი ელემენტია. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს არსებითი ელემენტი ხილული აღარ არის, ის სპილენძის სახურავით დაიფარა.
ლორფინის სახურავი ტიმოთესუბნის ეკლესიის არქიტექტურული სახის ორგანული ნაწილია. ფერითა და ფაქტურით ის კარგად ეხამებოდა აგურის წყობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შენობის ექსტერიერის საერთო შთაბეჭდილების შექმნაში. ახლანდელი სპილენძის სახურავი სრულიად ცვლის ამ შთაბეჭდილებას და ეკლესიას მისთვის უცხო იერს აძლევს. განხორციელებული პროექტი მომავალ რესტავრატორებს ძალზე მძიმე პრობლემას უტოვებს.
სპილენძის სახურავის მოწყობის დროს დაზიანდა ლორფინის ფილები (როგორც განახლებული, ისე ავთენტური). მათი რესტავრაცია-კონსერვაცია და წყალგაუმტარობის მიღწევა ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ამ სამუშაოს ჩატარებამდე იყო.
რესტავრაციის დროს გამოყენებული იქნა შეუსაბამო მასალები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში პროექტით არც იყო გათვალისწინებული. ამან მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეკლესიის ისტორიულ საშენ მასალას – აგურსა და კირის დუღაბს, ისე კედლის მხატვრობას.
ლორფინები დამუშავდა NEOMID 550 ქიმიური ხსნარით, ხოლო ნაკერების ამოივსო პოლიურეტანის წებო-გერმეტიკით Aquamat-Elastic-ით (მასალები მითითებულია ხარჯთაღრიცხვაში). ორივე მასალა ფართოდ გამოიყენება თანამედროვე შენობებისა და ნივთების ზედაპირების დასამუშავებლად და მათი ისტორიულ ნაგებობებზე გამოყენების მიზანშეწონილობა შესწავლილი არ არის.
პროექტის მიხედვით, სახურავის საფარი ასევე გაიწმინდა ლიქენებისგან ბიოციდით (არ არის მითითებული რომლით), მოსცილდა მწვანე საფარი (არ არის მითითებული, რა მეთოდით).
უცნობია, ლორფინზე გამოყენებულ მასალებში შემავალმა ნივთიერებებმა მომავალში რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკლესიის სამშენებლო მასალებზე და მხატვრობაზე.
პროექტში ასევე მითითებულია აფრების კედლებისა და გუმბათის ყელის (სარკმლების ღიობის დასაწყისამდე) ჰიდროფობიზაცია Koster siloxan-ით ან სხვა პროდუქტით (გაურკვეველია, რომლით).
უცნობია, რამდენად არის დასაშვები ისტორიულ ძეგლზე გამოყენება პროექტში მითითებული მასალებისა, რომლებიც ხელმისაწვდომია გორგიასა და დომინოს დიდ ჰიპერმარკეტებში და ალბათ იქვეა შეძენილი.
„უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას.
„სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში – ტაძრის მოხატულობისთვის.
უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას”. – აღნიშნავს ჩუბინაშვილის ცენტრი.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თამარის ეპოქის არქიტექტურის ძეგლია.
ჩუბინაშვილის ცენტი მიუთითებს, რომ აგურით ნაგები და ლორფინით გადახურული შენობა მაღალი მხატვრული ღირებულებისაა.
ეკლესიას სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს XIII საუკუნის დასაწყისის მოხატულობა, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
პროექტის წინაისტორია
ჩუბინაშვილის ცენტრის თანახმად:
არქიტექტორ პ. ერნის 1939 წლის ნახაზები და ფოტოგრაფ ი. ზენკოს 1950-იანი წლების ფოტოსურათები მოწმობს, რომ იმხანად ლორფინის ავთენტური სახურავის ფილების დაახლოებით 30-35% დამტვრეული და/ან ჩამოცვენილი იყო, ყველაზე მეტად – დასავლეთი მკლავის სახურავის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ნაწილზე და დასავლეთ კარიბჭეზე.
1956-1957 წლებში ჩატარდა სახურავის რეაბილიტაცია. დამტვრეული და დაზიანებული ლორფინები ახლით ჩანაცვლდა, ხოლო კარგ მდგომარეობაში მყოფი ძველი ფილები გაიწმინდა ბიოლოგიური ნადებისაგან და ხელახლა დაიგო.
1977-1980 და 2004-2006 წლებში ლორფინის ზედაპირი კვლავ გაიწმინდა მცენარეებისა და ხავსისგან. 2019 წელს ეკლესიის ინტერიერში წყალი ჩავიდა, რამაც საფრთხე შეუქმნა კედლის მხატვრობას.
სავარაუდოდ 2020 წელს (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია არ იძებნება) ეკლესიის ლორფინის სახურავზე სეგმენტურად (აღმოსავლეთ ნაწილზე მთლიანად, გარდა შვერილი აფსიდებისა და ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ნაწილებზე) მოეწყო თუნუქის დროებითი გადახურვა.