შეიძლება დაბალი ბარიერით მიიღო უფრო მეტი პრობლემა დემოკრატიისთვის - კობახიძე NGO-ებს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. ის არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ამ განცხადების საპასუხოდ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაბალი რეპუტაცია აქვთ და ისინი პოლიტიკურ ძალებთან აფილირებულები არიან.

„იცით თქვენ ამ ორგანიზაციების რეპუტაცია და თავისივე კვლევებით ისინი არიან ბოლო ადგილზე რეპუტაციული თვალსაზრისით და ასევე, ასეთი განცხადებებია ამის მთავარი მიზეზი. როდესაც ეს ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ არასამთავრობო ორაგნიზაციები პირდაპირ აფილირდებიან პოლიტიკურ პარტიებთან, რა თქმა უნდა, მათი დაბალი რეიტინგის მიზეზი სწორედ ეს არის.

ახლა რაც შეეხება დემოკრატიულ განვითარებას, აქ ერთი რამ უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ, სამ წელიწადში, 2024 წელს საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა, 5%-იანი ბარიერით. ეს არის დემოკრატიული საარჩევნო სისტემა როემლიც მოქმედებს ევროკაშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში.

ბარიერის დაბლა დაწევა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მეტ დემოკრატიას, ეს ნიშნავს განსხვავებულ დემოკრატიას. მაგ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ბარიერის არდაწევა ნიშნავდეს დემოკრატიულ უკუსვლას. რაც არის ტყუილი. ბარიერის დაწევით დემოკრატული სისტემა აპრიორი არ ძლიერდება,  შეიძლება დაბალი ბარიერით მიიღო უფრო მეტი პრობლემა დემოკრატიისთვის, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.