შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე ტალღაა - იმნაძე 4 შემთხვევის დაუდგენელ წყაროზე

პუბლიკა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ ახალი შემთხვევებიდან 4 დაუდგენელი წყარო შეიძლება ინფექციის გავრცელების მეორე ტალღად ჩაითვალოს.

„ 5 ახალი შემთხვევაა დადგენილი, ხუთივე თბილისში, 4 შემთხვევის წყარო ნამდვილად ვერ დგინდება ჯერჯერობით. კვლევა მიმდინარეობს, უკვე უამრავი კონტაქტი გამოკვლეულია, ზოგი კარანტინშია გადაყვანილი, ზოგი იზოლაციაშია. ერთის შემთხვევაში ალბათ გავალთ წყაროზე, მაგრამ დანარჩენ 4 შემთხვევაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ჯერ კიდევ გავალთ თუ არა წყაროზე. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, მაგრამ პატარა მეორე ტალღაა. იმედი გვაქვს, რომ ამასაც გავაჩერებთ, “- ამბობს პაატა იმნაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. 5 შემთხვევის შესახებ წუხელ გახდა ცნობილი, 1 კი დილით დაემატა.

დღეს ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 1 საკარანტინო სივრციდანაა, 1 მედპერსონალი, ხოლო 4 შემთხვევის კვლევა გრძელდება.