შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, მაგრამ მზად ვარ მეორე ტურისთვის - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერის  არჩევნების მეორე ტურში.

მისი თქმით, ის ელოდა პირველ ტურში გამარჯვებას, თუმცა პატივს სცემს თბილისელების გადაწყვეტილებას. მან ასევე გადაუხადა მადლობა მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობით დავიწყო, მადლობა მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდო 48%-იანი შედეგი, ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილი, დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.

დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი – პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მიერ ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს – მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესში, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.