შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში, 60 ათასამდე დღიური შემთხვევით – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც ცენტრი ეყრდნობა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში თებერვლის პირველ დეკადაში დადგეს, სავარაუდოდ, 60 ათასამდე დღიური შემთხვევით, რომელთაგან ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30% გამოვლინდება.

„გაიზარდა ზარები ცხელ ხაზზე. ეს მოსალოდნელიც არის, ვინაიდან, ძირითადად, ეს შემთხვევები („ომიკრონის“) მიდის „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს – პროგნოზირების ინსტიტუტის გამოთვლით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ, სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება, გვქონდეს 10-15 ათასამდე დღიური შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-10%-მდე, როცა „დელტას“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იყო 20%-მდე.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში გვქონდა „დელტას“ შემთხვევაში 17-18% ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა, ამიტომ გამყრელიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, სავარაუდოდ, შემცირდება.