პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
როგორც ის ამბობს, გაგრძელდება კომუნიკაცია ინვესტორ კომპანია ENKA-სთან და „უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდეგ ბედს”.
„გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით.
ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს. და ეს სავსებით მისაღებია.
რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორს კომპანიასთან. მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდეგ ბედს.
რაც შეეხება შეკითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე კომუნიკაცია არ გვქონია, ეს არის წმინდად სახელმწიფოს და ინვესტორს შორის ურთიერთობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენის გადახდა შეიძლება მოუწიოს სახელმწიფოს, პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს”.
„ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, გააკეთებს აუდიტს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება.
შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. პრობლემას ამ მიმართულებით ვერ ვხედავ”, – ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა ინვესტორს შეუქმნის კომფორტს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, ჩვენ ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.
მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით”, – ამბობს ღარიბაშვილი.
სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.